მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, იობის (აქიაშვილი) განცხადებით, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ საკუთარი შესაძლებლობები სრულად ამოწურა და ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობა დადგა. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ქადაგებისას ისაუბრა, რომლის ჩანაწერიც ეპარქიის სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. დავრწმუნდით იმაშიც, რომ მან თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა – ამ ხელისუფლებამ. როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ იცვლება მთავრობები, ასევე უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში, იმიტომ, რომ არ იგრძნობა, ქვეყანაში აღარ არის ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
მეუფე იობმა ხელისუფლება ეკლესიასთან ურთიერთობის პოლიტიკის გამოც გააკრიტიკა. მისი შეფასებით, სახელმწიფო დაფინანსების მეშვეობით ხელისუფლება ეკლესიაზე გავლენის მოპოვებას ცდილობს, რაც სასულიერო პირების დამოუკიდებლობასა და სიმართლის თქმის შესაძლებლობას ზღუდავს.
„დღეს რას ვხედავთ? დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიური არის. დღეს მცდელობა არის ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის და რაში გამოიხატება ეს – გამოიხატება იმაში, რომ დაფინანსებას აძლევენ ეკლესიას და როდესაც კომფორტი იქმნება სასულიერო პირებში, ძალიან რთული არის უკვე ჭეშმარიტების აღიარება“, – აღნიშნა მან.
მიტროპოლიტის თქმით, სასულიერო პირთა ნაწილი ცხოვრების წესით სახელმწიფო თანამდებობის პირებს დაემსგავსა, რაც ეკლესიის ქადაგებასა და მის რეალურ საქმიანობას შორის წინააღმდეგობას ქმნის.
„დღეს, ყველაზე არ ვიტყვი, მაგრამ სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა თავისი პირობებით, თავისი მომსახურებით და მრევლისთვის რთული გასაგებია: ქადაგებ, რომ გაჭირვებაა, ქადაგებ, სიღარიბე დაითმინო, ქადაგებ, ვიღაცას დაეხმარო და შენ ამას არ აკეთებ“, – განაცხადა მეუფე იობმა.
მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ეკლესიის სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობაზე და აღნიშნა, რომ მრევლს სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს თანხების ხარჯვის შესახებ.
„ჩვენთან ახლა დიდი იერარქი ვერ იტყვის სიმართლეს. ვერ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას მოვლენებისადმი, რადგან ძირითადად ფინანსდება ეკლესია სახელმწიფოსგან. კარგი, ვთქვათ, დაფინანსდეს, მაგრამ იყოს გამჭვირვალე. თითოეულმა თქვენგანმა, მრევლმა, უნდა იცოდეთ, სად რა იხარჯება, თითოეული თეთრი სად მიდის, რას ხმარდება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
ქადაგებისას მეუფე იობმა ხელისუფლების საქმიანობის სხვა მიმართულებებიც გააკრიტიკა. მისი თქმით, ქვეყანაში მწვავედ დგას ნარკომანიის, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების, კორუფციის, ემიგრაციისა და დემოგრაფიული მდგომარეობის პრობლემები.
„ვიცით, წინა ხელისუფლება რას აკეთებდა, გასაგებია. გადაირჩია ერმა, ხალხმა გადაირჩია, მაგრამ ამ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი ნაკლი აქვს. ეს არის ის ნაკლი, რომ ნარკოტიკების გავრცელება, ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი განარკომანდა. გაძლიერდა ლუდომანია კაზინოების დაარსებით და მისი ხელშეწყობით“, – აღნიშნა მან.
მიტროპოლიტმა აღიარა, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება შეძლო, თუმცა განაცხადა, რომ ეს სხვა პრობლემებზე თვალის დახუჭვის საფუძველი არ უნდა გახდეს.
„კი, მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ რაღაცებზე... ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა უცხოეთში, სოფლები დაიცალა და სამაგიეროდ სხვა ტომის ხალხი შემოდის საქართველოში“, – განაცხადა მან.
მეუფე იობმა დემოგრაფიულ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც გამოთქვა შეშფოთება და მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის ცვლილებაზე ისაუბრა. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ არსებული ტენდენციების გაგრძელების შემთხვევაში ქართველები შესაძლოა საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩნდნენ. მიტროპოლიტის მიერ დასახელებული ეთნიკური თანაფარდობის შეფასებები ქადაგებაში გადამოწმებული სტატისტიკური მონაცემებით არ ყოფილა გამყარებული.
მისი თქმით, ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს სამუშაო ადგილების შექმნას, ახალგაზრდების დასაქმებასა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერას.
„ხომ შეიძლება სამუშაო ადგილები შეიქმნას და დასაქმდეს ახალგაზრდები, სტიმული მიეცეს ოჯახებს, დაწესდეს მესამე შვილზე 1000 ლარი, მრავალშვილიან ოჯახებს ბინა გადაეცეს? ხომ შეიძლება გაკეთდეს, პატარა ქვეყანა ვართ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
მეუფე იობმა გააკრიტიკა მიწების გასხვისების პრაქტიკაც და აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ეროვნული ინტერესების დაცვის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. მან კითხვები დასვა მასშტაბური სამშენებლო პროექტებისა და საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობის გეგმების შესახებაც.
„გადაყვნენ ეკონომიკურ სიძლიერეს, რომ ეკონომიურად გაძლიერდეს ქვეყანაო. ისმის კითხვა, რატომ შენდება ამდენი კორპუსი, მშენებლობების ბუმია საქართველოში. ვისთვის, თუ არ ვმრავლდებით, ვინ უნდა შესახლდეს იმ კორპუსებში?“ – განაცხადა მან.
ქადაგებისას მიტროპოლიტმა გაიხსენა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ე.წ. კრებსების გავრცელების საქმეც. მისი შეფასებით, აღნიშნულმა მოვლენებმა ეკლესიის ავტორიტეტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. მან ხელისუფლება იმის გამოც გააკრიტიკა, რომ საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია, ვინ გაავრცელა ეს მასალები.
მეუფე იობმა ისაუბრა ეკლესიებში შესაწირავების ტერმინალებით გადახდის ინიციატივაზეც და გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს შესაძლოა ხელისუფლების მხრიდან საეკლესიო შემოსავლების კონტროლის მექანიზმად იქცეს.
„ახლა შემოგვაპარეს ისიც, რომ დაიგეგმა, ეკლესიებში შესაწირი ტერმინალით უნდა გადაიხადოსო. ესეც ეკლესიის კონტროლი იქნება. რამდენი შესაწირი, რამდენი ვისგან არის შესაწირი ეკლესიაში თანხა, სწორედ ამის გაკონტროლება უნდათ“, – აღნიშნა მან.
მიტროპოლიტმა განმარტა, რომ წარსულში მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერა მისი მხრიდან იმ დროისთვის არსებულ პოლიტიკურ არჩევანს უკავშირდებოდა, თუმცა ეს ხელისუფლების შეცდომებზე დუმილს არ ნიშნავს.
„შეიძლება ზოგიერთმა თქვას, რომ თქვენ არ მოიყვანეთ ეს ხელისუფლება? თქვენ არ დაუჭირეთ მხარი? მაგრამ მე თავში ვთქვი, რომ უარესებში უკეთესი ავირჩიეთ. მაგრამ უშეცდომო არავინ არის, არც ხელისუფალი, არც პიროვნება“, – განაცხადა მეუფე იობმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების კრიტიკა მტრობას არ ნიშნავს და სასულიერო პირებს საზოგადოებაში არსებული პრობლემების მხილების პასუხისმგებლობა ეკისრებათ.
„ჩვენ კი არ ვმტრობთ, რა თქმა უნდა, ბევრი კარგიც გაკეთდა საქართველოში, მაგრამ ეს შედეგები სავალალოა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა იობმა.