თბილისში, რეაბილიტირებულ რუსთაველის გამზირზე მოძრაობის ახალი სქემა ამოქმედდება, რომელიც მთაწმინდის ქუჩებსა და ქალაქის ძირითად სატრანსპორტო მიმართულებებს შორის პირდაპირ კავშირებს უზრუნველყოფს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის ინფორმაციით, ახალი სქემით რუსთაველის გამზირის მკვეთ ქუჩებზე მარცხნივ მოხვევა შესაძლებელი გახდება, რაც მძღოლებს შემოვლითი მარშრუტებით გადაადგილების საჭიროებას შეუმცირებს.
კერძოდ, სანაპიროდან ავტომობილები პირდაპირ შეძლებენ მთაწმინდის ზედა ქუჩებზე ასვლას, ხოლო უკუმიმართულებით – სანაპიროზე ჩასვლას. მთაწმინდის ზედა ქუჩებიდან ჩამოსვლისას მძღოლებს აღარ მოუწევთ თავისუფლების მოედნამდე მისვლა და პირდაპირ შეძლებენ კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას.
გარდა ამისა, ძმები კაკაბაძეების ქუჩიდან შესაძლებელი იქნება პირდაპირ მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე, ყოფილი ელბაქიძის აღმართზე გასვლა და პირიქით. თავისუფლების მოედნიდან ფილარმონიის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს კი მარცხნივ მოხვევით კაკაბაძეების ქუჩაზე ასვლა შეეძლებათ.
„არსებული სატრანსპორტო სქემის პირობებში, ჩვენი მონაცემებით, ავტომობილების დაახლოებით 30%-ს რუსთაველის გამზირზე ტრანზიტულად გადაადგილება უწევდა. ახალი კავშირების მოწყობის შედეგად, ამ გადაადგილების საჭიროება მნიშვნელოვნად შემცირდება“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ახალი სატრანსპორტო კვანძები შუქნიშნებით დარეგულირდება, რაც სატრანსპორტო ნაკადების განაწილებასა და ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.
ამასთან, ახალი სქემა დაუყოვნებლივ არ ამოქმედდება. მერის განმარტებით, საახალწლო პერიოდში პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის გადაკეტვის გამო რუსთაველის გამზირზე საგზაო მონიშვნები მოგვიანებით დაიტანება და შუქნიშნებიც ამის შემდეგ ჩაირთვება.
კალაძემ მომავალი წლის ინფრასტრუქტურულ გეგმებზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, დაგეგმილია პირველი რესპუბლიკის მოედნის განახლება და 200 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა, ასევე თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია.
მერია მთაწმინდის ვიწრო ქუჩებისთვის მოძრაობის ახალი, ოპტიმალური სქემების შემუშავებასაც გეგმავს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ ცვლილებებთან იქნება თავსებადი.
„ჩვენი ამოცანაა, შესაბამისი საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მოეწყოს არა მხოლოდ ავტომობილების მძღოლებისთვის, არამედ ქვეითებისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებისთვის და გადაადგილების სხვა საშუალებებით მოსარგებლე ადამიანებისთვის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.