მითხარით, როდის აირჩია ქართველმა მრევლმა უმრავლესობით ქრისტეს გზა და როდის არ დაადგა ბარაბას გზას, ან ბარაბას მხარე როდის არ დაიჭირა?
სინოდში დღეს სამი-ოთხი ადამიანია, ვისაც შეუძლია ხმამაღლა თქვას რაღაც
30 ვერცხლი არის დღევანდელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი ელიტის უმეტესობისა და მრევლის უმეტესობის ღმერთი"
ეკლესიის დღევანდელი მმართველი სტრუქტურა მმართველი პარტიის განყოფილებაა
„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.
- ბატონო გოჩა, მეუფე იობის ქადაგება დღეს ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. როგორ შეაფასებდით მის განცხადებას, სადაც მან გააკრიტიკა ხელისუფლება და თქვა, რომ საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა. რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ეს გამოსვლა ხელისუფლების კრიტიკად თქვენი გადმოსახედიდან?
- მეუფე იობს განსაკუთრებული და ახალი არაფერი უთქვამს. უბრალოდ, აქ მნიშვნელოვანია ის კონტექსტი, თუ ვინ ამბობს ამას, თორემ იგივე საფრთხეებსა და მოცემულობაზე, რაზეც ის საუბრობს, ჩვენ, ვინც ამ თემებზე ვმუშაობთ და დაინტერესებულები ვართ, არაერთხელ გვისაუბრია.
აქ მთავარი კონტექსტი ის კი არ არის, რომ ხელისუფლებამ საკუთარი თავი ამოწურა, არამედ ის, რომ მეუფე პირდაპირ ამბობს, - რეალურად, ეკლესია საერო ხელისუფლების ვასალად, მორჩილად და მსახურად იქცა. საერო ხელისუფლების კონტექსტში, როდესაც ის „ამოწურავს“ თავის თავს და ცვლილებებია საჭირო, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მისი მთავარი მოტივაცია არის ის, თუ როგორ ცდილობს დღევანდელი ხელისუფლება ეკლესიის დამორჩილებას და მეორე მხრივ, როგორ ემორჩილებიან მას სასულიერო პირები.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ტექსტში იგრძნობა და ჩანს და რაზეც ჩვენ პატრიარქად შიო III-ის არჩევამდეც ვსაუბრობდით, არის სწორედ ის საფრთხე, რაზეც ახლა ასე ღიად საუბრობს მეუფე იობი - რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ, სტრუქტურიზირებულადაც კი დაიმორჩილა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.
ახლა ვნახოთ ვისთვის ითქვა ეს ყველაფერი - მრევლისთვის? მოდით, ასე გეტყვით: მრევლის უმეტესობისთვის, რომელიც საერთოდ აცდენილია ქრისტიანობას და უფრო ბრმადმორწმუნე კასტად არის ჩამოყალიბებული, ეს ქადაგება არაფერს წარმოადგენს. ისინი, ერთი მხრივ, ბრმადმორწმუნეები არიან და, მეორე მხრივ, მერკანტილურები საკუთარ გადაწყვეტილებებში. აბა, მითხარით, როდის აირჩია ქართველმა მრევლმა უმრავლესობით ქრისტეს გზა და როდის არ დაადგა ბარაბას გზას, ან ბარაბას მხარე როდის არ დაიჭირა? მრევლი ყოველთვის ასე აკეთებდა. საკმარისი იყო გვეთქვა, რომ ეკლესიაში რაღაც არასწორად ან ცუდად ხდება, რომ მაშინვე მოგვდგებოდნენ და ორკესტრირებულად გამოგვაცხადებდნენ ეკლესიის მტრად.
მეორეც, იმ პირობებში, როდესაც ქრისტიანობის მთავარი პოსტულატი არის ის, რომ ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი, მაჩვენეთ ქართველი მრევლის უმრავლესობა, რომელიც თავისუფალია თავის არჩევანში? ადამიანები ყოველთვის ყიდიან საკუთარ თავისუფლებასა და ღირსებას კონკრეტულ თანხად, ვინ მეტად, ვინ ნაკლებად და ამას რისთვის აკეთებენ? პერსონალური თავისუფლებისთვის, სახელმწიფოს სიყვარულისთვის თუ იმიტომ, რომ პატრიოტები არიან? არა, ისინი, პირველ რიგში, გაუნათლებლები არიან ქრისტიანულად და ამაში უდიდესი ბრალი მიუძღვის სწორედ იმ საეკლესიო დასს, რომელიც წლების განმავლობაში მართავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რა თქმა უნდა, თავად ამ ადამიანებსაც არ აქვთ სურვილი, პიროვნულად განათლდნენ და რაიმე სახის წარმოდგენა ჰქონდეთ თუნდაც ქრისტეზე, რომლის ჯვრითაც მკერდი აქვთ დამშვენებული.
ახლა მეორე ასპექტი - ვისკენ არის მიმართული ეს სიტყვები? სინოდის წევრებისკენ, რომლებმაც ღიად დაუჭირეს მხარი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შიო III-ის პატრიარქად არჩევისას? ჩვენ ხომ ამაზე ვსაუბრობდით ჯერ კიდევ იმ პერიოდში? ეს სიტყვებია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც წმინდა მერკანტილური გადაწყვეტილებები მიიღეს; იმათთვის, ვისთვისაც სახელმწიფო არაფერს წარმოადგენს, ისევე როგორც ქრისტე არ წარმოადგენს არაფერს, გარდა პირადი მოხმარების საგნისა. ხაზს ვუსვამ ამას - ქრისტე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების უმეტესობისთვის მხოლოდ და მხოლოდ მოხმარების საგანია იმისთვის, რომ საკუთარი ცხოვრება კარგად მოიწყონ. ამაში, რა თქმა უნდა, როდესაც შიოს არჩევის წინ სხვადასხვა მეთოდით მეუფეების უმრავლესობა იყიდეს (ხოლო ვინც ვერ იყიდეს, ისინი მერე საბოლოოდ მაინც გაიყიდნენ), ამ ადამიანებს ელაპარაკება მეუფე იობი?
აი, ამ თემის ღიად გარეთ გამოტანა, მაშინ როდესაც მას აქვს აბსოლუტურად დასაბუთებული შესაძლებლობა, რომ მოითხოვოს სინოდის სხდომის მოწვევა და მოძებნოს თანამზრახველები, ამასაც არ აკეთებს. რატომ არ აკეთებს? იცის, რომ უმცირესობაში აღმოჩნდება? არა, არ აკეთებს იმიტომ, რომ ეს ადამიანები კეისრის მსახურები არიან. ისინი არც ქრისტეს მსახურები არიან და არც ბიძინას მსახურები — ისინი ფულის მსახურები არიან. მათთვის ღმერთი არ არის ქრისტე და არც ბიძინაა. ბიძინასაც ისე გადაუვლიან, როგორც არ დაესიზმრება, თუ დასჭირდათ. მაგრამ დღეს მათ პერსონალურ კეთილდღეობას ბიძინა ივანიშვილი უზრუნველყოფს, შესაბამისად, ბიძინაა მათთვის პატრიარქი და არა შიო და რადგან ბიძინასგან იღებენ კეთილდღეობას, მზად არიან, ყველაფერს მოაწერონ ხელი. დღესვე დათანხმდება სინოდის წევრთა უმრავლესობა იმას, რომ პირდაპირ მიუერთდეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, ან გამოცხადდნენ სახელმწიფოს რაღაც დანამატად, როგორც ახლა პარტიული დანამატი არიან. სულ ფეხებზე ჰკიდიათ მათ კონკორდატიც და ყველაფერიც, პირველ რიგში კი ქრისტე. ამიტომ, ვისკენ არის მიმართული ეს განცხადება, ჩვენთვის გაუგებარია. მესმის, რომ კარგია, ეს არის „ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“ ამ ეტაპზე. იმიტომ, რომ უმეტესობამ, ვინც უნდა იცოდეს და გაიგოს, ისედაც იცის, რა ხდება, მაგრამ მათთვის არსებული სიტუაცია კომფორტულია და ხმას არ ამოიღებენ.
სინოდში დღეს არის სამი-ოთხი ადამიანი, ვისაც შეუძლია ხმამაღლა თქვას რაღაც, მეტი არა.
- თქვენ როგორ ფიქრობთ, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ხელისუფლებას აკრიტიკებს, ეს ხელისუფლებისთვის რამდენად საგანგაშო ნიშანი შეიძლება იყოს?
- კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ მიმაჩნია ეს პირდაპირ ხელისუფლების კრიტიკად. მე მიმაჩნია, რომ ეს არის, პირველ რიგში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დღევანდელი მმართველი სტრუქტურის, საპატრიარქოს კრიტიკა, რომელიც ამავდროულად, არის მმართველი პარტიის განყოფილება. შესაბამისად, ამ პირობებში, ის, რომ ხელისუფლებამ თავისი თავი ამოწურა, ამას ქოცებიც ამბობენ. რა მოხდება, რომ გააკრიტიკა ამით? არაფერიც არ მოხდება. არ მოხდება არაფერი იმიტომ, რომ ამ ადამიანების უმეტესობის მიერ ახლა დაიწყება ან მეუფის მარგინალიზაცია, ან იგნორირება.
- სახელისუფლებო ტროლ-ბოტების სამიზნე არ გახდება, როგორ ფიქრობთ?
- რა მნიშვნელობა აქვს? გადაწყვეტილებას მიიღებენ ან იგნორირებისას, ან მარგინალიზებისას და ახლა ტროლ-ბოტის ნათქვამს რა მნიშვნელობა აქვს? არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.
უბრალოდ, კიდევ ერთხელ ვკითხულობ: რა არ იცოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა და სხვა ქვედა სამღვდელოებამ? ის, რომ ციანიდის საქმე არ იყო კონკრეტულად მამალაძის წინააღმდეგ მიმართული, არამედ ეს იყო პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული აქტი? რა, არ იცოდნენ, რომ მეუფე შიოს მოსაყდრედ გამორჩევა იყო რუსეთის სპეცოპერაცია და ამ საქმის კურსში იყო საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება (ანუ ახლანდელი ხელისუფლება)? რა, არ იცოდნენ, როდესაც ბობოლა მილიონერები თუ მილიარდერები პატრიარქს გადადგომას სთხოვდნენ? რა, არ იცოდნენ, რომ კრებსები სპეციალურად პატრიარქ ილია II-ს დისკრედიტაციისთვის გამოიყარა? რა არ იცოდნენ და როდის ამოიღეს ხმა?
როდის ამოიღეს ხმა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ებრძოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას? გახსოვთ, რა გააკეთა? დღეს სასაცილოდ ეჩვენება ეს ვიღაცას, მაგრამ მე გაგახსენებთ და მკითხველებსაც გავახსენებ: ბიძინა ივანიშვილი, პატრიარქი და მიხეილ სააკაშვილი — 2013 წელია, და პატრიარქს ეუბნება ივანიშვილი, რომ „შენო, ესო (სააკაშვილი) გიყვარსო“, ანუ „ჩემზე მეტად გიყვარსო“. ამით რა გააკეთა? თავის მომხრეებს უთხრა მაშინ, სააკაშვილი ხომ იცით, ცუდია და ილია II-ც ამ ცუდის მხარდამჭერია, ეს უყვარს, მე კი არ ვუყვარვარო. იქ გაავლო უდიდესი ხაზი ამ მერკანტილურ, სნობ, გარეწარ ქართულ დღევანდელ საბჭოთა ელიტასა და პატრიარქს შორის. პატრიარქი მხარედ გახადა იმ ერთი სიტყვით.
და აქედან გამომდინარე, იმის შემდეგ, რა ბრძოლებიც მიდიოდა საპატრიარქოს წინააღმდეგ, ეს არ იყო საპატრიარქოს, როგორც ინსტიტუციის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა, არამედ მიდიოდა სწორედ ილია II-ს წინააღმდეგ. ყველაზე ბოლო დარტყმა იყო ის, რომ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში ეკლესიის გადასვლასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ ღონემიხდილი პატრიარქის განცხადება გაკეთდა, რომ ეს დაუშვებელი იყო. დღეს ჩვენ ამას არაფორმალურად ვხედავთ, ეს ფაქტი უკვე დამდგარია და ამის ფორმალიზებისკენ მიდის პროცესი. როდის ამოიღო სინოდის წევრების უმრავლესობამ ამაზე ხმა? როდის აჯანყდა, ბრჭყალებში რომ ვთქვათ, სამღვდელოება ამაზე? არასოდეს.
ძალიან კარგიც არის, რომ ეს თქვა მეუფე იობმა ამაზე, სხვათა შორის, მეუფე ზენონსაც უსაუბრია ღიად, სხვადასხვა მიმართულებებით, სხვადასხვა კონტექსტში და მთლიანობაშიც. მაგრამ, როდესაც პატრიარქობის კანდიდატი ამბობს ამას და ერთ-ერთი გამორჩეული სახე დღევანდელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, ამას აქვს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე არ ველოდები იმას, რომ ზოგადად ქრისტიანობაში გაუთვითცნობიერებელ მრევლს აეხილება თვალი. ვისაც არ უნდა დაინახოს, ის ისედაც არაფერს ხედავდა და ვინც ხედავდა, მაგრამ თავს იბრმავებდა, ის ისევ იმავე პოზიციაში დარჩება. ერთადერთი, რამაც შეიძლება მრევლი აღაშფოთოს ან სასულიერო პირები, იქნება შემოსავალი, რომელიც მათ მოაკლდებათ. მეტი არაფერი. იმიტომ, რომ ამათი ღმერთი არის ფული. 30 ვერცხლი არის დღევანდელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი ელიტის უმეტესობის და მრევლის უმეტესობის ღმერთი. ამიტომ, ასე არაფერს არ ველოდები, სიმართლე რომ გითხრათ.
- მეუფე იობის განცხადებები სასულიერო პირებთან დაკავშირებით, თითქოს ისინი თანამდებობის პირებად გადაიქცნენ, რამდენად ასახავს ეკლესიაში არსებულ რეალობას?
- აბა, რას ვამბობდით? ეს ხომ ვთქვი. ამას ვამბობდით, ველოდით და ამას წინათაც გეუბნებოდით ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის „ქართული ოცნების“ პარტიული სტრუქტურის ერთ-ერთი განყოფილება და ახლა იქ ვის რა თანამდებობა აქვს, ამას მნიშვნელობა არა აქვს.
ჩვენ მოვისმინეთ ყველაზე დიდი ცინიზმი ეკლესიის ერთ-ერთი სპიკერისგან, ალექსანდრე გალდავასგან, რომ ციხეებში იდეალური მდგომარეობააო. ყოფილხართ ციხეებში? ჩვენ მოვისმინეთ, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს საუკეთესო გენოფონდს, ახალგაზრდებს, ქუჩაში სცემდნენ, ურტყამდნენ და ამის მერე დასტა-დასტად მიდის ხალხი ემიგრაციაში, ჩვენ დღეს ვისმენთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საზარელ დუმილს.
და დიახ, რა მნიშვნელობა აქვს, მე მომთხოვა ადრე გალდავამ, როდესაც ვუთხარი, რომ თქვენ რუსეთის მსახურები ხართ ეკლესიაში უმეტესობა-მეთქი, დამადასტურებელი საბუთი მომეციო. მის ჯიბეში უნდა ჩამეყო ხელი და ქსივა ამომეღო? არ სჭირდებათ მათ ქსივა, ესენი იდეოლოგიურად, ტვინით არიან მიბმულები რუსეთს. რუსეთისადმი მორჩილება, ზუსტად რუსეთში რაც არის, ის არის. ზუსტად იგივე სტრუქტურა ხდება. რუსეთის საპატრიარქო პირდაპირ არის ეფესბეს ერთ-ერთი განყოფილება. ესენი ეფესბეს განყოფილებამდეც ვერ ქაჩავენ, პარტიული სტრუქტურის განყოფილება არიან. სამარცხვინოა ეს.
- როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა შეფასდეს მეუფე იობის კრიტიკა ეკლესიის სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით?
- ძალიან გულწრფელად ვიტყვი: წლების განმავლობაში პირადად მე და სხვები ვითხოვთ იმ თანხების გამჭვირვალობის, ხარჯვის დოკუმენტს, რომელსაც ჩემს ფულს, თქვენს ფულს და საქართველოს გადასახადის გადამხდელთა ფულს აძლევს მართლმადიდებელ ეკლესიას მთავრობა. ამის გამჭვირვალობას ჩვენ წლებია ვითხოვთ.
რაში ხარჯავს? ხარჯავს საკუთარ კომფორტში, ხარჯავს საკუთარი ხელქვეითების მორჩილებაში. ინსტრუქტორები არიან, საეკლესიო ინსტრუქტორები არიან პარტიულ იერარქიაში, ცალკეული მღვდლები თუ ვიღაცები. მორჩილი ეპარქიების დაფინანსებაში ხარჯავენ. განათლებაში იხარჯება? ვიცით საერთოდ რა განათლებას აძლევენ? ეს საკითხიც არაერთხელ დასმულა, რა განათლებას აძლევენ ადამიანებს და როგორ ურეცხავენ ტვინს? სხალთის ეპისკოპოსი, რომლის მორალური, პოლიტიკური აზრი ყველასთვის ცნობილია და დეკლარირებულია, მის უნივერსიტეტში რას უნდა ასწავლიდნენ - თავისუფალ აზროვნებას?
ყველაზე სასაცილო ის არის, რომ შიო III-ის პატრიარქად გახდომამდე მთელი რიგი ორგანიზაციული საკითხები იყო დაგეგმილი საპატრიარქოში, რომელიც უნდა განხორციელებულიყო. „ქართულ ოცნებასთან“ დალაგდა უამრავი მეუფე, რომ ყველაფერი ისე დარჩენილიყო, როგორც არის. „ოცნებამ“ მისცა მერე შიოს დირექტივა, რომ ყველაფერი ძველებურად დარჩენილიყო. შიგნით საკმაოდ მძიმე დინებებია, იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ დიდ ფულს უხდიან ვიღაც-ვიღაცებს.
- კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ისიც არის, რომ მეუფე იობმა გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ახალგაზრდები ძალიან დამოკიდებულები არიან აზარტულ თამაშებზე და ლუდომანიის პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება. სხვათა შორის, ამ მიმართულებით „ქართულმა ოცნებამ“ რომ მიიღო ეს ახალი კანონპროექტი, იქ ეკლესიის ნაწილს არ მოეწონა მაინცდამაინც და სპეციალურად სინოდის სხდომის მოწვევასაც აპირებდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით.
- სინოდის სხდომა არ გამართულა ამ საკითხთან დაკავშირებით. გაკეთდა განცხადება საპატრიარქოს დონეზე, მაგრამ ეს უკვე იმის პარალელურად ხდება, რომ იქ კანონს იღებენ. კანონის ხელმოწერამდე, 6 თუ 7 ნოემბერს, კიდევ ერთხელ ამოიკნავლა საპატრიარქომ და 9-ში ყაველაშვილმა კანონს ხელი მოაწერა. რაზეა საუბარი? მათ განცხადება იყო ძალიან პრაგმატული: თქვეს, რომ ჩვენ აქ თამაშგარე არ უნდა დავრჩეთ, ჩვენ „გავაჩმახებთ“ ან გადაგვიხადეთ ბეგარაო. ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ სათამაშო ბიზნესი ახლა გარკვეულ ბეგარაზე შეთანხმდა საპატრიარქოსთან და ესენი იქნებიან ჩუმად და რომ თქვან - ხმა, რამეზე ამოიღონ, მიდევნებული ლამპარივით იქნება ეს.
ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ხელისუფლებას სასათბურე პირობებში მიეღო ეს, და უბრალოდ ექნებათ შემდგომ ის, რომ ჩვენ წინააღმდეგები ვიყავით ვითომ ამისიო. არ არის ეგრე, არაფრის წინააღმდეგებიც არ იყვნენ. როგორ "შანგრილასთან" დალაგდნენ თავის დროზე, ისე დალაგდებიან. მე გავიხსენე ამას წინათ, იგივე კრებსები რომ ახსენა მეუფე იობმა, იმ კრებსებში შიო III-ის როლი როგორია, თუნდაც ნამახვანთან დაკავშირებით. ახსოვს ვინმეს? რატომ მონაწილეობდა იმ პროცესში, რომელიც დღეს საქართველოს 400 მილიონი უჯდება? იმის გარდა, რომ აუშენებელი ჰესი კიდევ ცალკე ზარალია. რატომ მონაწილეობდა ამ პროცესში - ბუნების დასაცავად და გადასარჩენად?
იგივე კრებსებში ჩვენ არ ვიცით, რამდენი სასულიერო იერარქი იყო და არის პირდაპირ მიბმული რუსეთს? მაგრამ არსი ამ კრებსებისა ის იყო და მერე კომენტარებიც ისე კეთდებოდა, რომ მთავარი იყო დაერტყათ, ეჩვენებინათ, აი, ასეთი გარყვნილია შიგნით ყველაფერი და აი, ასეთი მერკანტილური სინოდია, ეკლესია. ეს იყო პატრიარქ ილია II-ს წინააღმდეგ მიმართული აქტი, ხომ ყველამ იცის. ამ თემასთან დაკავშირებით თავის დროზე სოსო გოგაშვილს ჰქონდა გარკვეული განცხადებები. რეალურად ხალხში ხომ ასე თქვეს, რომ ეს კრებსები გარეთ გოგაშვილმა გამოიტანა? ხომ ასე ითქვა?
ხო, და ახლა რატომ დუმან? რა გამოიძიეს, რა გააკეთეს? არავითარ გოგაშვილს არ გამოუტანია ეს კრებსები გარეთ. ან მასეც რომ იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, ტექნიკურად ვინ გააკეთა და ვინ გააგზავნა. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის გაკეთებული თემა. მის გარეშე ამას ვერავინ ვერ გააკეთებდა.
ამიტომ, იქ, სადაც ეს ფარისევლები ერთი მხრივ გაჰყვიროდნენ - მე მიყვარს ჩემი პატრიარქი“, თან ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ მოეხდინათ პატრიარქის დისკრედიტაცია. ისინი ჩართულები იყვნენ იმ სპეცოპერაციაში, რომ საბოლოოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც რუსეთის ეკლესია, დაექვემდებაროს სახელმწიფოს. რომელ სტრუქტურას, ეს იქნება მმართველ პარტიულ სტრუქტურას თუ სუსს, რა მნიშვნელობა აქვს. სუსიც კი არ მართავს უკვე, პარტიული სტრუქტურა მართავს. სამარცხვინოა მათთვის.
ესაუბრა: კოტიკო გოგინაშვილი