ავტორი: გოჩა მირცხულავა
მეუფე იობის ქადაგებამ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ბევრი იმედოვნებს, რომ მისი განცხადებები სასულიერო პირებსა და მრევლს გამოაფხიზლებს.
მე ამ ოპტიმიზმს არ ვიზიარებ.
რა თქვა მეუფე იობმა ისეთი, რაც მანამდე არ ვიცოდით? ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთდამოკიდებულება, სასულიერო იერარქიის პრივილეგიები, სახელმწიფო დაფინანსების გაუმჭვირვალობა, სუს-ის კრებსები თუ ეკლესიის მაღალი იერარქების დუმილი?
ამ ყველაფერზე წლებია საუბრობენ ჟურნალისტები, უფლებადამცველები და მოქალაქეები. არსებობს კვლევები, დოკუმენტები და საჯაროდ ცნობილი ფაქტები. თუმცა მათზე საუბრის გამო არაერთ ადამიანს ეკლესიის მტრის იარლიყი მიაკერეს.
ახლა იგივე პრობლემებზე მიტროპოლიტი საუბრობს და ამას საზოგადოების ნაწილი გამბედაობის განსაკუთრებულ გამოვლინებად აღიქვამს.
არადა, შეიცვალა მხოლოდ მთქმელი და არა სიმართლე.
გავიხსენოთ ე.წ. ციანიდის საქმე, მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელების გარშემო განვითარებული პროცესები და სუს-ის ცნობილი კრებსები. მართალია, ამ მოვლენებს შორის პირდაპირი კავშირი სამართლებრივად დადგენილი არ არის, მაგრამ მათი ერთობლივი პოლიტიკური ანალიზი სერიოზულ კითხვებს აჩენს.
ჩემი შეფასებით, ამ პროცესებმა უდიდესი ზიანი მიაყენა როგორც ილია მეორის ავტორიტეტს, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას.
და განა ვინ არ იცის, რომ ყველა ამ მოვლენის უკან, რომლებიც საზოგადოებას ცალკეულ სკანდალებად წარუდგინეს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გავლენის საკითხი იდგა?
ჩემი შეფასებით, ეს არ ყოფილა ერთმანეთისგან სრულიად მოწყვეტილი პროცესები. ისინი ერთ საერთო კითხვას აჩენს: რამდენად დამოუკიდებლად მოქმედებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და რამდენად განსაზღვრავდა მის შიგნით განვითარებულ პროცესებს არაფორმალური პოლიტიკური ძალაუფლება?
ივანიშვილის უშუალო მითითებების არსებობა თითოეულ შემთხვევაში დადასტურებული არ არის, მაგრამ ეს არ ხსნის მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს. მით უფრო, როდესაც ამ მოვლენების პარალელურად სასულიერო იერარქიის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მის პოლიტიკურ ძალასთან ინარჩუნებდა მჭიდრო ურთიერთობას.
და რას აკეთებდა ამ დროს სასულიერო იერარქია?
საჯაროდ პატრიარქის დაცვის პირობას დებდა, პარალელურად კი პოლიტიკური ხელისუფლების გვერდით იდგა, რომლის მმართველობის პერიოდშიც ეს პროცესები ვითარდებოდა. მეტიც, ჩემი შეფასებით, იერარქიის ნაწილის მოქმედებები და დუმილი ამ პროცესებისთვის ხელშემწყობ გარემოს ქმნიდა.
შეუძლებელია, ერთი მხრივ, პატრიარქის ერთგულებას ეფიცებოდე საზოგადოებას, ხოლო მეორე მხრივ, უპირობო ლოიალობას უცხადებდე იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის პასუხისმგებლობის საკითხიც ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ სავარაუდო ქმედებებთან დაკავშირებით არაერთხელ დასმულა.
გავიხსენოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება.
2024 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივა წამოაყენა. ილია მეორემ ამ მოდელს მხარი არ დაუჭირა და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებული საკონსტიტუციო შეთანხმების შენარჩუნებას დაუჭირა მხარი.
ფორმალურად არაფერი შეცვლილა, მაგრამ არაფორმალურად, ჩემი შეფასებით, მივიღეთ გაცილებით მძიმე რეალობა: საპატრიარქო და სასულიერო იერარქიის მნიშვნელოვანი ნაწილი პრაქტიკულად „ქართული ოცნების“ პარტიული სისტემის შემადგენელ ნაწილად იქცა.
ეს უკვე მხოლოდ სახელმწიფოზე დამოკიდებულება აღარ არის. ეს რელიგიური ინსტიტუტის პოლიტიკური ინტერესებისთვის დაქვემდებარებაა.
და სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა: რატომ დუმან სასულიერო პირები?
ჩემი აზრით, სასულიერო იერარქიის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის პირადი კეთილდღეობა, გავლენა, პრივილეგიები და ფინანსური კომფორტი იმაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე საკუთარი ინსტიტუტის დამოუკიდებლობა და ქრისტიანული სწავლების ერთგულება.
ამიტომ არ მჯერა მათი მასობრივი „გამოფხიზლების“. გამოფხიზლება მას სჭირდება, ვინც ვერ ხედავს ან ვერ აცნობიერებს. მაგრამ როდესაც ადამიანი ხედავს, რა ხდება, და მაინც დუმილს ირჩევს, პრობლემა უცოდინრობა კი არა, მისი შეგნებული არჩევანია.
არც მრევლის მიმართ მაქვს განსაკუთრებული მოლოდინი.
საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც ეკლესიის ნებისმიერ კრიტიკას რწმენის წინააღმდეგ თავდასხმად აღიქვამს, ქრისტიანული სწავლება ხშირად მეორეხარისხოვანია. მისთვის უფრო მნიშვნელოვანია რელიგიური ინსტიტუტის ხელშეუხებლობა, ვიდრე თავად ამ ინსტიტუტის ქმედებების ქრისტიანულ ღირებულებებთან შესაბამისობა.
არადა, ქრისტიანობა სასულიერო იერარქიის უცდომლობას არ ქადაგებს. პირიქით, სიმართლის აღიარებასა და სინდისის წინაშე პასუხისმგებლობას მოითხოვს.
მეუფე იობის ქადაგებას მნიშვნელობას არ ვუკარგავ. მნიშვნელოვანია, რომ ეს სიტყვები ეკლესიის შიგნიდან გაისმა. მაგრამ მისი ისტორიულ მოვლენად გამოცხადება და საყოველთაო გამოფხიზლების მოლოდინი საფუძველს მოკლებულია.
გაცილებით საინტერესოა, როგორ შეხვდება მის განცხადებებს თავად საპატრიარქო. დაიწყება პრობლემებზე რეალური მსჯელობა თუ მეუფე იობის მარგინალიზებისა და იგნორირების მცდელობას ვიხილავთ?
მე მეორე სცენარს უფრო ველი.
რადგან ეკლესიის ინსტიტუციური პრობლემები მხოლოდ ცალკეული სასულიერო პირების შეცდომებით არ შემოიფარგლება. საქმე გვაქვს სისტემასთან, რომელშიც პოლიტიკური ლოიალობა და ინსტიტუციური პრივილეგიები ხშირად უფრო ძლიერ მოტივაციად გამოიყურება, ვიდრე საჯარო ანგარიშვალდებულება.
მეუფე იობს ახალი სიმართლე არ უთქვამს. მან გაიმეორა ის, რასაც წლების განმავლობაში ამბობდნენ ადამიანები, რომლებსაც ამის გამო ეკლესიის მტრებად აცხადებდნენ.
და თუ ერთი და იგივე სიმართლე მიტროპოლიტის პირით მისაღებია, ხოლო რიგითი მოქალაქის პირით - მტრული, მაშინ პრობლემა მხოლოდ ეკლესიაში კი არა, საზოგადოების დამოკიდებულებაშიც უნდა ვეძებოთ.
სიმართლის პრობლემა მისი ართქმა კი აღარ არის. პრობლემა ისაა, რომ ბევრს მისი მოსმენა მხოლოდ მაშინ სურს, როდესაც ამას მისთვის მისაღები ადამიანი ამბობს.