საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდში პირველი პირი ბიძინა ივანიშვილია, თავად კი მეორე პოზიციას იკავებს, რის გამოც მათ შორის ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა არსებობს.
„ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში. მე ვარ მეორე პირი, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა არსებობს ბიძინა ივანიშვილსა და ჩემ შორის“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
კითხვაზე, არის თუ არა ივანიშვილი მამუკა მდინარაძეზე გაბრაზებული, პრემიერმა უპასუხა, რომ პოლიტიკაში გადაწყვეტილებები ემოციებით არ მიიღება.
„პოლიტიკაში არ ბრაზდებიან, რომ იცოდეთ. პოლიტიკაში იღებენ პრაგმატულ გადაწყვეტილებებს ყველა საკითხთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილებები უნდა იყოს დაფუძნებული სამართალზე, კანონებზე“, – აღნიშნა მან.
კობახიძემ უარყო მამუკა მდინარაძის კავშირი ირაკლი ღარიბაშვილის საქმესთან და უსაფუძვლო უწოდა კითხვას, შესაძლებელია თუ არა მომავალში მდინარაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.
„მამუკა მდინარაძე არაფერ შუაში არაა ირაკლი ღარიბაშვილთან. რას ნიშნავს შეცდომაში შეყვანა? ანუ დანაშაული არ ჩადენილა და ისეა ადამიანი დაჭერილი?“ – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ღარიბაშვილისა და გრიგოლ ლილუაშვილის საკითხები ივანიშვილთან მისი ურთიერთობის კონტექსტში აქტუალური არ არის.
რაც შეეხება გუნდში საკადრო გადაადგილებებს, კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებას უფლება აქვს, გადაწყვეტილებების კონკრეტული მიზეზები საჯაროდ არ განმარტოს.
„ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. კონკრეტულად რა საფუძვლები ჰქონდა ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, ეს არის შიდა სამზარეულო და გვაქვს უფლება, კომენტარი არ გავაკეთოთ“, – განაცხადა კობახიძემ.