პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა ექვსმა მსჯავრდებულმა პენიტენციური დაწესებულებები დატოვა.
გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდნენ გიორგი მინდაძე, ანრი კვარაცხელია, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი. ქსნის პენიტენციური დაწესებულება დატოვა გიორგი ოკმელაშვილმაც.
„სახლში მინდა ძალიან, თავისუფლება ყველას“, – განაცხადა გათავისუფლების შემდეგ გიორგი მინდაძემ.
ანრი კვარაცხელიამ კი სხვა პატიმრებს ვადაზე ადრე გათავისუფლება უსურვა.
„ბიჭებს მოვიკითხავ, ყველას ვადაზე ადრე გათავისუფლებას ვუსურვებ. მაგარი ბიჭები არიან და თავიანთი საქმე თვითონ იციან!“ – აღნიშნა კვარაცხელიამ.
დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმისა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.
გიორგი ოკმელაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. მას პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ხუთწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
შეგახსენებთ, მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა. შეწყალებულთა შორის საპროტესტო აქციების საქმეებზე მსჯავრდებული ირაკლი მეღვინეთუხუცესიც მოხვდა.
ფოტო:IPN