საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონიკური სამართლის ერთგული დარჩება და არ აღიარებს პირებს, რომლებსაც საეკლესიო ხელდასხმა არ მიუღიათ, – რუსეთის საპატრიარქოს ინფორმაციით, ამის შესახებ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ რუსეთის პატრიარქ კირილესთან შეხვედრისას განაცხადა.
„თქვენ იცით, რომ ჩვენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ყოველთვის ვიცავდით და მომავალშიც დავიცავთ კანონიკურ სამართალს. ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ისეთი ვინმეს აღიარება, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია, და არავითარ ზეწოლას არ დავემორჩილებით. ძალიან გვიხარია, რომ თქვენც, თქვენო უწმინდესობავ, ასევე მტკიცედ იცავთ მართლმადიდებლობას და ვილოცებთ თქვენთვის“, – ციტირებს რუსეთის საპატრიარქო მიტროპოლიტ თეოდორეს.
რუსეთის საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრა 21 ნოემბერს მოსკოვში, დანილოვის მონასტრის საპატრიარქო-სინოდალურ რეზიდენციაში გაიმართა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილეს დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.