მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, იობის (აქიაშვილი) განცხადებით, გარდაცვლილი კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ხელისუფლება მას არ ეკითხებოდა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ რთავდა.
„რამდენჯერ მინახავს მისი უწმინდესობა, აწ გარდაცვლილი, ცხონებული ილია მეორე, რომ დამწუხრებით უთქვამს, რატომ არ მეკითხებიან, რატომ არ მესაუბრებიანო? თუნდაც ის უშიშროების საბჭო რომ არსებობს ქვეყანაში, ამ საბჭოს წევრი რატომ არ ვარო. მე ხომ მათზე ნაკლებად არ მტკივა გული ქვეყანაზეო, მე ძალიან ვწუხვარ ქვეყნის მომავლით, ქვეყნის მდგომარეობითო“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ქადაგებისას.
მისი თქმით, შვიდი წლის განმავლობაში პატრიარქის ქორეპისკოპოსი იყო და მსგავსი მოსაზრებები ილია მეორისგან არაერთხელ მოუსმენია.
მეუფე იობმა ხელისუფლებისა და ეკლესიის ურთიერთობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს გაძლიერებისთვის აუცილებელია საერო და სასულიერო ხელისუფლების ერთიანობა.
„ამ ორი ძალის შერწყმა, საერო და სასულიერო ხელისუფლების ერთად შერწყმა, ქრისტეში ერთად ყოფნა არის დიდი გამარჯვება საქართველოსი, როგორც იყო ეს დავით მეფის დროს და თამარ მეფის დროს. ჩემი სურვილი არის და მოთხოვნაც, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ხელისუფალი იყოს ეკლესიური“, – აღნიშნა მან.
მიტროპოლიტის შეფასებით, საქართველომ სხვა ქვეყნების მმართველობის მოდელები არ უნდა გადაიღოს, რადგან მას განსაკუთრებული ისტორიული და რელიგიური მისია აქვს.
„გასაგებია, რომ დემოკრატიისკენ მიდის მთელი მსოფლიო და უნდათ, რომ ხალხისგან მართული იყოს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ სხვა ქვეყანა ვართ, ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ჩვენ სხვა მისია გვაქვს მსოფლიოს წინაშე დაკისრებული. აქ ერი და ბერი უნდა ვიყოთ ერთად“, – განაცხადა მეუფე იობმა.
მისივე თქმით, საერო და სასულიერო ხელისუფლების ერთიანობა სამშობლოსა და სარწმუნოების დაცვას უნდა ემსახურებოდეს.