თბილისში, ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩაზე 80 წლის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა ცივი იარაღით, სავარაუდოდ დანით, აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს. სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი, სადაც კანონით გათვალისწინებული პროცედურები მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე უცნობია, რა ვითარებაში მოხდა მკვლელობა და რა გახდა დანაშაულის სავარაუდო მოტივი. ასევე არ გავრცელებულა ინფორმაცია გარდაცვლილსა და სავარაუდო ბრალდებულს შორის შესაძლო კავშირის შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არ დაუზუსტებია პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილი პირის ვინაობა და მისი საპროცესო სტატუსი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შემთხვევის სხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის ჩადენის შესაძლო მოტივი, ამ ეტაპზე ოფიციალურად ცნობილი არ არის.