საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა 5 ნოემბერს, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ორი მამაკაცი დაჭრა, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალნენ.
უწყების ცნობით, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა ის ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღიც ამოიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სამი ძმა და მათი თანმხლები პირი ნათესავის ქორწილში მიდიოდნენ. მათ თანასოფლელმა ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ორი ძმა დაიღუპა.
„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გადარჩენილი ძმა, ელმან უსუფოვი, აცხადებს, რომ თავდასხმა დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა. მისი თქმით, ოთხნი ფეხით გადაადგილდებოდნენ, როდესაც მათთან ავტომობილი გაჩერდა და სროლა დაიწყო. თავად მანქანას ამოეფარა, მის ძმებს კი თავდამსხმელმა რამდენჯერმე ესროლა.
„4 ვიყავით – სამი ძმა და მეზობელი. უცებ მანქანა გაჩერდა და სროლა დაიწყო. ბევრჯერ ისროლა. არაფერი მომხდარა წარსულში, კონფლიქტი არ გვქონია. ჩემი ძმები ადგილზე გარდაიცვალნენ. პოლიციამ უკვე გამომკითხა“, – განაცხადა ელმან უსუფოვმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.