საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეწყვეტა საქართველოს მოსახლეობის უსამართლო დასჯა და რუსეთის ინტერესებისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
ზურაბიშვილმა „ფეისბუკლაივში“ ევროკომისიის ანგარიშსა და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ევროკავშირისგან ასეთ გადაწყვეტილებას არ ელოდება.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები არ უნდა დაისაჯონ იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომლებზეც პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.
„თუ ვინმე უნდა დაისაჯოს, ეს „ქართული ოცნება“ და მისი წარმომადგენლები არიან, რათა ვერ იარონ საშოპინგოდ ევროპაში თავისუფლად“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე შეფასებით, უვიზო მიმოსვლის გაუქმება საქართველოს ევროპული სივრცისგან იზოლაციას გამოიწვევს და რუსეთისთვის განსაკუთრებული საჩუქარი იქნება.
ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებზე მუდმივად მოითხოვს პასუხისმგებლობის გამიჯვნას ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირს ხელისუფლებისთვის დამატებითი გზავნილების გაგზავნა მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვის ხარჯზე არ სჭირდება. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოსახლეობას ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა არ დაემუქრება.