„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ, მაშინ როდესაც თავად, მისი თქმით, მხოლოდ საჯაროდ გამოთქმული მოსაზრებების გამო იმყოფება პატიმრობაში.
ამის შესახებ ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომლითაც ევროკომისიის ანგარიშში უკანონო პატიმრობის საკითხზე გამოთქმულ შეფასებებსა და მათზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების რეაქციებს ეხმაურება.
„ყელმოღერებით კითხულობენ დღეს ივანიშვილის თოჯინები – ვინ ზის განსხვავებული აზრისთვისო?! აი მე, მაგალითად, სიტყვის გამო ვარ ციხეში! არანაირ მოქმედებას, ქმედებას ან მათ ნაბოდვარ ძალადობასაც კი არ მაბრალებენ! მაბრალებენ, რომ ვლაპარაკობ!“ – წერს ხაბეიშვილი.
მისი განცხადებით, ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზე სატელევიზიო გამოსვლების გამო მას თითქმის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ხაბეიშვილი ასევე აკრიტიკებს ხელისუფლების დამოკიდებულებას საერთაშორისო პარტნიორების შეფასებების მიმართ და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ არ აღიარებს დასავლელი პარტნიორების კრიტიკას.
წერილში ის კითხვებს სვამს საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ძალადობის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებების, თორნიკე რიჟვაძის საქმისა და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარების შესახებ.
„500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?! მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა?! ვინ კლავდა?! ვინ დასაჯეს?! თუ არ ესროლეს, მაშინ ვინ აშანტაჟებდა?! რაიმე პასუხი არსებობს?!“ – წერს ხაბეიშვილი.
მისივე თქმით, პასუხგაუცემელია კითხვები ციხეებში პატიმრების მიმართ შესაძლო ძალადობის შესახებაც.
„ციხეებში სასაკლაოებს რომ აწყობენ და „გარედან“ შეჰყავთ დასალეწად მათთან დალაგებული ხალხი, ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას?! ასეთი უტიფარი, უძარღვო არაფერი მინახავს!“ – აღნიშნავს ლევან ხაბეიშვილი.