დოკუმენტის თანახმად, საკანონმდებლო და ინსტიტუციურმა ცვლილებებმა კიდევ უფრო გააძლიერა გადაწყვეტილებების მიღების ცენტრალიზაცია საჯარო მმართველობაში, სასამართლოსა და უსაფრთხოების სფეროში, შეასუსტა ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და ხელისუფლების შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმები.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უსაფრთხოების სამსახურებზე საპარლამენტო კონტროლი კვლავ შეზღუდულია, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობებზე პოლიტიკური, ადმინისტრაციული და ფინანსური ზეწოლა გრძელდება. ამასთან, 2020–2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიას ვადა ამოეწურა, ახალი კი არ მიღებულა.
განსაკუთრებით კრიტიკულად არის შეფასებული სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობა. ანგარიშის მიხედვით, „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონმდებლობამ, გრანტების მიღების შეზღუდვებმა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებამ არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფოს გადაჭარბებულ კონტროლს დაუქვემდებარა.
ევროკომისიის შეფასებით, აღნიშნული სამართლებრივი ჩარჩო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. ანგარიშში მოყვანილია ვენეციის კომისიის დასკვნებიც, რომელთა თანახმად, შეზღუდვების ერთობლივი მოქმედება იძულებით და სტიგმატიზაციის გამომწვევ გარემოს ქმნის და დემოკრატიულ პლურალიზმს საფრთხეს უქმნის.
დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია 2026 წლის მარტში მიღებულ ცვლილებებზე, რომლებმაც „გრანტის“ განმარტება გააფართოვა, უცხოური დაფინანსებისთვის მთავრობის წინასწარი ნებართვა დააწესა და მოთხოვნების დარღვევისთვის 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა გაითვალისწინა.
ანგარიშის თანახმად, რამდენიმე წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციას მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში საბანკო ანგარიშები გაეყინა, რამაც სამოქალაქო სექტორის ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. ამასთან, ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმების შემდეგ, სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობაზე მონიტორინგის უფლებამოსილება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცა.
ევროკომისია შეშფოთებას გამოთქვამს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ ისეთი ბრალდებებით წარმოებული გამოძიებების გამოც, როგორებიცაა საბოტაჟი, უცხოური ორგანიზაციებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება და სახელმწიფო ინტერესებისთვის ზიანის მიყენება.
„ხშირად ცვალებადი რეპრესიული სამართლებრივი ჩარჩოსა და დაშინების პრაქტიკის კუმულაციური ეფექტი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენას და სამოქალაქო სივრცის კიდევ უფრო შემცირებას იწვევს“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ევროკომისიის დასკვნით, აღნიშნული ქმედებები ეწინააღმდეგება დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპებს და შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან.