კანონპროექტის თანახმად, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის სასამართლოში გასაჩივრება დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების მონაცემები არ არის ასახული, არასრულადაა შეტანილი ან შეცდომითაა მითითებული. გასაჩივრების საფუძველი ასევე შეიძლება გახდეს საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების შედეგების არასწორად ან არასრულად ასახვა.
სხვა საფუძვლებით წარდგენილ სარჩელს სასამართლო წარმოებაში არ მიიღებს. ამასთან, სასამართლოს უფლებამოსილება შემოიფარგლება მხოლოდ აღნიშნული გარემოებების განხილვით და დარღვევის დადგენის შემთხვევაში, ცესკოს შემაჯამებელ ოქმში შესაბამისი მონაცემების გასწორების დავალებით.
ცვლილებები არჩევნების შედეგების შეჯამების წესსაც ეხება. კერძოდ, საოლქო საარჩევნო კომისიებს უუქმდებათ ოლქის შედეგების შეჯამებისა და შესაბამისი ოქმის შედგენის უფლებამოსილება. ამ ფუნქციას უშუალოდ ცესკო შეასრულებს, საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე.
კანონპროექტით, ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების ზოგიერთი უფლებამოსილება უშუალოდ მათი თავმჯდომარეების კომპეტენციაში გადადის.
მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას კომისიის ნაცვლად მისი თავმჯდომარე მიიღებს. ასევე, საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებლების დანიშვნის შესახებ განკარგულების გამოცემა ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილება გახდება.
წარმოდგენილი ცვლილებები, ერთი მხრივ, არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადაიტანს, მეორე მხრივ კი, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის სასამართლოში გასაჩივრების სამართლებრივ საფუძვლებს შეზღუდავს.