ღარიბაშვილი ბრალდების მხარის შუამდგომლობას დაუპირისპირდა, რომელიც სასამართლო სხდომის დახურვას ითვალისწინებს. მან მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს მიმართა თხოვნით, პროცესი საჯარო და გამჭვირვალე დარჩეს.
„მინდა, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილისწამებაზე აგებული, პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პროცესი საჯაროდ და გამჭვირვალედ ჩატარდეს, რათა მთელმა საზოგადოებამ დაინახოს ამ ბრალდების უსაფუძვლობა. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ შუამდგომლობას და მოგმართავთ თხოვნით, ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
სხდომაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე საკითხზე დამატებითი განმარტების გაკეთებაც სცადა, თუმცა მოსამართლემ სიტყვა შეაწყვეტინა და განუმარტა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ სხდომის დახურვის საკითხი განიხილებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. აღნიშნული ბრალდება 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.