მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის კითხვაზე, ცნობდა თუ არა თავს დამნაშავედ, ღარიბაშვილმა მოკლედ უპასუხა: „არა“.
სხდომაზე მოსამართლესა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს შორის მცირე სიტყვიერი დიალოგიც გაიმართა. კითხვაზე, სრულყოფილად ფლობდა თუ არა ქართულ ენას, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ „ცდილობს“, რის გამოც მოსამართლემ მას შენიშვნა მისცა.
„ხუმრობა არ მეშლება, მაგრამ პროცესზე ჩარჩოებში ჩავჯდეთ“, – მიმართა თამარ მჭედლიშვილმა ღარიბაშვილს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროცესს პირველად ესწრება თავად ბრალდებულიც.
სასამართლო დარბაზში იმყოფებიან ღარიბაშვილის ოჯახის წევრები, მათ შორის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი, შვილი, ცოლისძმა ალექსანდრე თამაზაშვილი და ბიძა ზურა გონაშვილი. სხდომას ასევე ესწრება იუსტიციის ყოფილი მინისტრი რატი ბრეგაძე.
პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, ღარიბაშვილი უკვე მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა და ერთი მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა შეეფარდა.