2026 წლის ლაურეატები ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ გამოაცხადა.
ევროპარლამენტის განცხადებით, ჯილდო ხაზს უსვამს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობის მნიშვნელობას, მათ შორის საერთაშორისო დანაშაულების გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნასა და მართლმსაჯულების განხორციელებას.
„ყველა მათგანს აქვს მდიდარი კარიერა ეროვნული და საერთაშორისო პროკურატურის, მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სფეროებში, მათ შორის გენოციდის, ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების საქმეებზე, მსხვერპლთა უფლებებსა და ანგარიშვალდებულებაზე მუშაობის გამოცდილება“, – ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.
ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დაუსჯელობის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუციაა.
ICC მსოფლიოში პირველი მუდმივმოქმედი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოა, რომელიც რომის სტატუტის საფუძველზე მოქმედებს. მისი უფლებამოსილება მოიცავს გენოციდის, ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და აგრესიის დანაშაულის გამოძიებასა და შესაბამისი პირების სისხლისსამართლებრივ დევნას.
სახაროვის სახელობის პრემია აზრის თავისუფლებისთვის ევროპარლამენტმა 1988 წელს დააარსა. ჯილდო ყოველწლიურად ენიჭებათ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანენ ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო სამართლის დაცვაში.
2026 წლის სახაროვის პრემიის გადაცემის ოფიციალური ცერემონია დეკემბერში, სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარული სესიის ფარგლებში გაიმართება.