ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიის მოქმედების შესაძლებლობები დამოკიდებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოზიციებზე. ამის შესახებ მან ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო უფრო ფართო შეჩერებასა და მიზნობრივ სანქციებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ აღნიშნა, რომ საქართველოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მცირე ეფექტი ჰქონდა. მან ევროკომისარს ჰკითხა, განიხილავს თუ არა ევროკომისია უვიზო რეჟიმის უფრო ფართოდ შეჩერებას და არსებობს თუ არა ევროკავშირის საბჭოში მიზნობრივი სანქციების დაწესებაზე შეთანხმების რეალური შესაძლებლობა.
„ჩვენ გვექნება კონკრეტული დისკუსია საქართველოსთან დაკავშირებით FAC-ში [ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში] მომავალ კვირას. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ“, – განაცხადა მარტა კოსმა.
ცნობისთვის, ევროკომისიამ ევროკავშირის მომავალი გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო, რომლებიც გაფართოების პოლიტიკის გადახედვას, პოლიტიკურ ორიენტირებსა და შემდგომ აუცილებელ ნაბიჯებს განსაზღვრავს.
2026 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში ევროკომისია საორიენტაციო საგზაო რუკებს ოთხი კანდიდატი ქვეყნისთვის, ალბანეთის, მოლდოვის, მონტენეგროსა და უკრაინისთვის წარადგენს.
მარტა კოსმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო ამჟამად „მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა“ და საქართველოში მიმდინარე პროცესები ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში აისახება.