შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვანი შვილიშვილის ქორწინების იძულების ბრალდებით ქალი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილიშვილი მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულა, ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელ მამაკაცს.
„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქალი ბრალდებულის სახით დააკავეს“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-150¹ მუხლით მიმდინარეობს, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.