Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher
Moscow no longer hiding military cooperation with N. Korea at USNC - Kuleba
Kremlin tying West to terrorist attacks to generate domestic support for war in Ukraine – ISW
British company developing EW-resistant drones for Ukrainian Armed Forces

კრებსითობის სამოციქულო პრინციპის მოშლის ისტორია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში

11.21.2022 | 11:32 ნახვები: 736

ეკლესია, რომელიც იესო ქრისტეს მისტიურ სხეულს წარმოადგენს, რომლის თავი თავად იესო ქრისტეა, ამქვეყნიურ არეალში უპირველესად და უმთავრესად იმართება კრებსითობის პრინციპი, რომლის არსი სამოციქულოა. სწორედ, კრებსითობის პრინციპით დგინდება წმიდა ეკლესიაში სული წმიდისმიერად გაბრძნობილი ჭეშმარიტება, რომელიც შეეხება დოგმატურ, კანონიკურ და თუ სხვა სახის ეკლესიოლოგიურ საკითხებს.

სამწუხაროდ, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიაში საბჭოთა ბოლშევიკურ-ათეისტურმა რეჟიმმა თავის სასარგებლოდ და საქართველოს ადგილობრივი ეკლესიის საზიანოდ ფაქტობრივად ჩამოშალა კრებსითობის პრინციპით უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის (ხელაია) გარდაცვალების (შეიძლება ითქვას, მკვლელობის) შემდგომ.

უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი გახლდათ საბჭოთა ეპოქაში არჩეული და აღსაყდრებული საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი და ასევე, პირველი და უკანასკნელი ქართველი კათოლიკოს-პატრიარქი, რომელიც შეეწირა საბჭოთა ათეისტურ რეჟიმთან შეურიგებელ ბრძოლას, ვინაიდან მან არ დაანება ბოლშევიკებს საქართველოს ეკლესიის საბჭოთა ყაიდაზე გადაყვანის მცდელობა, რაც, სამწუხაროდ, საბჭოთა რეჟიმმა წარმატებით დაიწყო შემდგომი კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე მესამის (ციცქიშვილი) მამამთავრობისას და დააგვირგვინა კიდევ შემდგომი კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს (ცინცაძე) მმართველობისას.

კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის გაუტეხელობამ და თავგანწირვამ საბჭოთა რეჟიმი დაარწმუნა, რომ, მიუხედავად მრავალი დარტყმისა და ზიანის მიყენებისა, საქართველოში ეკლესიას ვერ ამოძირკვავდნენ და ვერ მოსპობდნენ, ამიტომ ბოლშევიკებმა აამუშავეს სათადარიგო გეგმა, რომელიც ეკლესიის გასაბჭოებასა და კომუნისტური რეჟიმის სამსახურში ჩაყენებას გულისხმობდა, რაც წარმატებით დაიწყეს კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორე მესამის მწყემსმთავრობისას.

უპირველესი დარტყმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიადგა კრებსითობას, როდესაც პატრიარქ ქრისტეფორეს დროს ფაქტობრივად ჩამოიშალა საკათალიკოსო საბჭო, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ეკლესიას განაგებდნენ ეპოქალური კათოლიკოს-პატრიარქები: კირიონ მეორე (საძაგლიშვილი), ლეონიდე (ოქროპირიძე), ამბროსი (ხელაია). საკათალიკოსო საბჭო, რომელიც არამხოლოდ სასულიერო, არამედ საერო პირებისგან შედგებოდა, თავის წევრთა მრავალრიცხოვნების გამო ერთგვარი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო კომუნისტებისთვის ეკლესიის სრულად დასამორჩილებლად, ამიტომ საბჭოთა რეჟიმთან ლოიალური კურსის გამტარებელმა კათოლიკოსმა ქრისტეფორემ ფაქტობრივად საქართველოს ეკლესიაში ჩამოშალა ეს უმნიშვნელოვანესი მმართველობითი ორგანო, რომელიც სრულად და ოფიციალურად გაუქმდა კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს მმართველობისას, 1934 წელს და დაარსდა წმიდა სინოდი, რომელსაც იმავე პატრიარქის მწყემსმთავრობისას ეწოდა კათალიკოსის თანაი სინოდი, რაც ფაქტობრივად გულისხმობდა, რომ საქართველოს ეკლესიაში მოიშალა კრებსითობა და მმართველობის რეალური განხორციელება სრულად გადავიდა ერთი პირის - კათოლიკოს-პატრიარქის ხელთ, რაც, რასაკვირველია, საბჭოთა რეჟიმს მკვეთრად უმარტივებდა საქართველოს ეკლესიის დამორჩილებასა და საბჭოთა რეჟიმის სამსახურში ჩაყენებას.

იოსებ სტალინმა დაარსა საბჭოთა კავშირის რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულის თანამდებობა, რომელიც თავისი აპარატის მეშვეობით სრულად მართავდა და აკონტროლებდა საბჭოთა კავშირში არსებულ რელიგიურ გაერთიანებებს. ეს იყო ერთგვარი ანალოგი იმპერატორ პეტრე პირველის მიერ რუსეთის იმპერიაში დაარსებული ობერ-პროკურორის თანამდებობისა, თუმცა, საბჭოთა რელიგიის საქმეთა რწმუნებულის ფუნქციები და უფლებამოსილება გაცილებით მრავლისმომცველი გახლდათ, ვინაიდან ვრცელდებოდა არა მხოლოდ ქრისტიანულ ეკლესიაზე, არამედ ყველა რელიგიურ ინსტიტუტზე და ასევე იყო ბევრად საშიში და დაუნდობელი, გამომდინარე რეჟიმის ოფიციალური ათეისტური კურსისა.

უფრო დაზუსტებით: 1943 წელს სსრკ სახკომ საბჭოსთან შეიქმნა რელიგიის საქმეთა კომიტეტი, რომლის თავმჯდომარედ დაინიშნა უშიშროების გენერალი კარპოვი. მას მოკავშირე რესპუბლიკებში ჰყავდა თავისი წარმომადგენლები - რელიგიის საქმეთა რწმუნებულები. პირველი რწმუნებული საქართველოში გახლდათ უშიშროების პოლკოვნიკი კალე ქადაგიშვილი.

ხსენებული თანამდებობის დაწესება საბჭოთა კავშირში ქრონოლოგიურად დაემთხვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს მწყემსმთავრობას, რომელიც იმჟამინდელი ეპოქის სულისკვეთებიდან გამომდინარე იყო ფინალური ფაზა საქართველოს ეკლესიის მმართველობის გასაბჭოებისა. რელიგიის საქმეთა რწმუნებულის თანამდებობა გაუქმდა 1990 წელს, გივი გუმბარიძის პირველი მდივნობისას საქართველოს სსრ-ში.

გადმოგვცემენ, რომ საბჭოთა კავშირის რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულს (1984-1989 წ.წ.) კონსტანტინე ხარჩევს საბჭოთა კავშირის დაშლიდან რამდენიმე წელიწადში აღუნიშნავს: "ჩვენ ყველაზე ცუდებს ვუშვებდით ეკლესიაში და ახლა თქვენ მათით გინდათ სულიერი გაბრწყინება?!"

რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებული ფაქტობრივად ითხოვდა და ანხორციელებდა სრულ კონტროლს საეკლესიო პირთა საქმიანობის თითოეულ არეალზე და საფუძვლად მიიჩნევდა საბჭოთა კავშირში არსებულ კანონმდებლობას რელიგიურ გაერთიანებათა შესახებ, რომლის მიხედვით, სასულიერო პირებს, მხოლოდ რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულის მეშვეობით გააჩნდათ უფლება, კონტაქტი ჰქონოდათ საერო ხელისუფლებასთან და ასევე რწმუნებულის ნებართვის გარეშე ეკლესია ვერცერთ ოფიციალურ ნაბიჯს გადადგამდა.

ფაქტობრივად, რასაც შეეწირა კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი, შემდგომი კათოლიკოს-პატრიარქების, ქრისტეფორე მესამისა და კალისტრატეს მმართველობისას საბჭოთა რეჟიმმა თითქმის სრულად შეასრულა - საქართველოს ეკლესიაში ჩამოშალა საეკლესიო მმართველობის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი - კრებსითობა და ეკლესიის მმართველობის ერთი პირის ხელში გადასვლის შედეგად მიაღწია საეკლესიო იერარქიის თითქმის სრულ კონტროლს, რასაც საბჭოთა რეჟიმი ანხორციელებდა რელიგიის საქმეთა საბჭოსა და მისი რწმუნებულის მეშვეობით.

კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ მესამეს (ფხალაძე) მემკვიდრეობით ერგო საქართველოს ეკლესიის საბჭოთა მმართველობის სტილი და სისტემა - კრებსითობის პრინციპის ჩამოშლით, რომელსაც, ბუნებრივია, ის ვერ შეცვლიდა, ხოლო მისი შეცვლის მცდელობა მიიყვანდა იმგვარ ამქვეყნიურ დასასრულამდე, როგორც ეს განიცადა კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ, რომლის შემდეგ, ფაქტობრივად, მიუხედავად გარკვეული გამონაკლისი ძვრებისა, საქართველოს არცერთ კათოლიკოს-პატრიარქს უცდია საქართველოს ეკლესიის საბჭოთა მმართველობის სტილისგან გათავისუფლება, რაც ერთ-ერთ უპირველესად გულისხმობს საქართველოს ეკლესიაში კრებსითობის სამოციქული პრინციპის რეალურ აღდგენა-დაბრუნებას.

საბჭოთა საეკლესიო მმართველობის სტილმა ერთი შეხედვით წარმატებით იმუშავა საბჭოთა კავშირის არსებობისას, ხოლო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან ოცდაათი წლის შემდეგ აშკარაა, რომ დამოუკიდებელ საქართველოში საბჭოთა საეკლესიო მმართველობის ფორმამ უმძიმესი პრობლემები შექმნა საქართველოს ეკლესიაში, რაც კომპლექსური და მრავალი გარემოებით მიზეზ-შედეგობრივია.

გამოსავალი არის წმიდა კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის მამათავრობისას არსებული მმართველობის ფორმის აღდგენა გარკვეულ თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებთან მორგებითა და შეთავსებით, ხოლო ისტორიამ პირუთვნელად უნდა შეაფასოს უწმიდესისა და უნეტარესის ამბროსის შემდგომი საეკლესიო გასაბჭოება და საბჭოთა მმართველობის სტილი,  საქართველოს ეკლესიაში, რომელიც მემკვიდრეობით და უცვლელად ერგო ყოველ შემდგომ კათოლიკოს-პატრიარქს.

კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის დროინდელი საეკლესიო მმართველობის (ე.ი. საბჭოთა რელსებზე გადასვლამდე) არსებული ფორმა კი გულისხმობს საქართველოს ეკლესიაში კრებსითობის აღდგენასა (თუნდაც საკათალიკოსო საბჭოს აღდგენის სახით) და რეალურ მოქმედებას, რაც თავის მხრივ მინიმუმამდე დაიყვანს საბჭოთა მემკვიდრეობის შედეგად საქართველოს ეკლესიაში დღესდღეობით არსებულ პრობლემათაგან არაერთს და დასახავს მომავალ სვლებს საქართველოს ეკლესიის ისტორიულ დიდებულებასთან დასაბრუნებლად შემდგომი წინსვლისათვის.

 

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა