გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

პარლამენტში პარტიულ და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა იწყება

ნახვები: 357 პარლამენტში პარტიულ და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა იწყება

პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყება, რომლის ამოცანა პარტიულ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვების დაწესებაა.

„გრანტების შესახებ“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონებსა და კიდევ ხუთ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს 2 თებერვალს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

სავარაუდოდ, პირველი მოსმენით ცვლილებებს 3-4 თებერვლის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.

შვიდი კანონპროექტისგან შემდგარ პაკეტში პირველი "გრანტების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებია.

ფართოვდება „გრანტის“ განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით, ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.

ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.

კანონით დგინდება იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის ცნება, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას. განისაზღვრება, რომ ამგვარმა იურიდიულმა პირმა გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება“ განმარტავს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობას არსებითად საქართველოში ახორციელებს, მოუწევს დაფინანსების მისაღებად საქართველოს მთავრობას მიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის წესით დაეკისრება.

გრანტად აგრეთვე მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით. როგორც „ქართული ოცნება“ აცხადებს, თუ უცხოური ძალა ფულის სანაცვლოდ საქართველოში ექსპერტებს დაიქირავებს, ეს ფული გრანტად ჩაითვლება და ამ გრანტის გაცემას საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა დასჭირდება.

თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენლობა, ფილიალი განყოფილება გრანტს, მათ შორის, იმ იურიდიული პირისგან იღებს, რომლის ფილიალიც ის არის, ამ ფილიალს გრანტის მისაღებად საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა ესაჭიროება. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ამ ფილიალის მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას - ჯარიმის სახით უკანონოდ მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით.

ცვლილებები შედის „სისხლის სამართლის კოდექსში“. ინიციირებული პროექტის მიხედვით, „გრანტების შესახებ“ კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.

„სისხლის სამართლის კოდექსის“ 194-ე მუხლს დამამძიმებელი გარემოება ემატება. კერძოდ, ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

კანონპროექტით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს დაარღვევს - კერძოდ კი, მიიღებს უცხოურ დაფინანსებას. ეს დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.

სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. კერძოდ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.

პოლიტიკური პარტიის წევრობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცვლილება ხორციელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში. კანონპროექტით განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძველი. კერძოდ, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, აეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.

პოლიტიკური პარტიის წევრის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს.

გარდა ამისა, „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე“ სუბიექტის ცნება, ტერმინით - „განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე“ იცვლება და შინაარსობრივი დატვირთვა ფართოვდება. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონით“ გათვალისწინებული შეზღუდვები, რაც განსაზღვრულია პოლიტიკური პარტიისათვის, განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტებზეც გავრცელდება.

უცხოური დაფინანსების მიღების შემთხვევაში, განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირისა და განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ცვლილებები მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებითაც ხორციელდება. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან. ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მეწარმე სუბიექტს დააჯარიმებს 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში - 40 000 ლარის ოდენობით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა