მზად ვარ, ყველა მუხლი ჩემს თავზე ავიღო. თუ გინდათ, კიდევ დაამატეთ, თუ ეს შესაძლებელს გახდის, რომ პროკურატურამ ლმობიერი დამოკიდებულება გამოიჩინოს ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ საქმეში პატიოსნები არიან - გთხოვთ, მათ მიმართ ან საპროცესო შეთანხმება გახადოთ ხელმისაწვდომი ან რამე სხვა ფორმა,- ასე მიმართა დაკავებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მურთაზ ზოდელავამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს.
მისივე თქმით, 4 ოქტომბრის საქმეზე მათი „წარმოჩენა ხდება, როგორც ბანდიტური, ძალადობრივი ჯგუფის“.
როგორც ზოდელავამ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, ამ ფონზე, მათი შესაძლებლობები შეზღუდულია, რომ „შეეპასუხონ“.
„ამ საქმეზე საუბრისას იმას ვერ გავექცევით, რომ აქ არის დიდი პროპაგანდა. დღესაც მუშაობს სახელისუფლებო პროპაგანდა, ამასაც უნდა გამოვეხმაურო. შეუძლებელია არგუმენტებით საუბარი.
ჩვენი წარმოჩენა ხდება, როგორც ბანდიტური, ძალადობრივი ჯგუფის, ამ ფორმით შეფუთვა. ზუსტად ისე, როგორც მახსოვს, „მხედრიონელების“გასამართლების სურათი, იგივე სახელისუფლებო პროპაგანდის შლეიფში გახვეულები.
მე „კაი“, პოლიტიკური წარსული მაქვს, მაგრამ ამ 64 პირში შედის შშმ პირი, რომელსაც ორი შვილი ჰყავს. ასევე, მანჯგალაძე, ბერიძე და სხვები. წინა პროცესზე გავიცანი ბევრი აქ. ასევე, არის ბატონი ჭავჭანიძე, რომელიც არასდროს ბანდიტი არ ყოფილა და არიან ქალბატონები.
პროპაგანდას უზარმაზარი ძალა აქვს და როდესაც ის ასე გვფუთავს, ასეთ ვიზუალიზაციას გვიკეთებს, ჩვენ შესაძლებლობები შეზღუდული გვაქვს. ერთადერთი საშუალება ისაა, რასაც აქ ვიტყვით, რომ შევეპასუხოთ. ორ თვეში ერთხელ პროცესი და რამდენიმე წინადადება რომ შევეპასუხოთ. რატომ ხდება ეს, ცალკე საკითხია. ყველამ ყველაფერი იცის საქართველოში რატომ და რა მიზნით ხდება.
რაც შეეხება 4 ოქტომბერს. ეს იყო თითქმის 2-წლიანი პროტესტის ბოლო ეპიზოდი, აბსოლუტურად სახალხო, ცალკეული ინდივიდების მიერ.
ქალბატონების მიმართ არასდროს რომ ყოფილა, ისეთი ტალღა იყო შეურაცხყოფის. ჩემი ძირითადი მოტივატორი ეგ იყო. ეს ჩემი შინაგანი ნაწილი იყო. ჩვენი მოტივატორი არ ყოფილა ანგარებით ქვენაგრძნობა.
ჩვენ არ ვართ კრიმინალები. როგორ შეიძლება პატიოსანი მოქალაქეებისგან გამოძერწო ძალადობრივი ჯგუფი? ჩვენს გამოსვლებში სიტყვა „მშვიდობას“ უფრო ხშირად ვიყენებდით, ვიდრე „ოცნების“ კოორდინატორები. ჩვენი გამოსვლებიდან ესენი იყო ამოჭრილი. გვინდა, რომ საქართველო არ იყოს ერთპარტიული და ისეთი, როგორადაც ის არის ჩამოყალიბებული. ყველამ იცის, როგორც ჩამოყალიბდა.
მზად ვარ, ავიღო ყველა უსამართლობის ბრალი ჩემ თავზე. ამისთვის მზად ვარ. 4 ოქტომბრის ჩემი პასუხისმგებლობა, მორალური, რაც მაქვს, არის ნომერ პირველი, ტვირთის სხვაზე გადაკისრება არ შემიძლია. უფრო მეტი ვალდებულება მაქვს.
ეს საქმე ამ ფორმით იფუთება. რადგან ჩემმა მოწოდებამ, რომ ჩვენ, მამაკაცები, გადავადგილებულიყავით (ორბელიანებისკენ)... მამაკაცები იმიტომ ვთქვი, რომ აღარ შემეძლო, ქალი გადაიქცა მსხვერპლის სიმბოლოდ. ამან გაუმარტივა პროპაგანდას მოქმედება. ამიტომ, დამატებით ვიმეორებ, რომ მზად ვარ, ყველა მუხლი [ჩემს თავზე ავიღო]. თუ გინდათ, კიდევ დაამატეთ, თუ ეს შესაძლებელს გახდის, რომ პროკურატურამ, რაღაც ლმობიერი დამოკიდებულება გამოიჩინოს ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ საქმეში პატიოსნები არიან. ყველაზე მძიმე რაც არის, მე ვიქნები.
სამყარო ისე არის მოწყობილი, რომ რბილადაც რომ ვთქვათ, დამარცხებულისგან ამის მოთხოვნა ცოტა უცნაურია, მაგრამ ეს არის ჩემი ლოგიკური, გნებავთ, ადამიანური თხოვნა, რომელსაც წარვადგენ ყოველგვარი კომპლექსების გარეშე - გთხოვთ, ამ ადამიანების მიმართ ან საპროცესო შეთანხმება გახადოთ ხელმისაწვდომი ან რამე სხვა ფორმა თუ იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება საორგანიზაციო ჯგუფს, ეს ჯგუფი იყო უბრალოდ, პოლიტიკური პერფორმანსი, აქციის თანმდევი, ვიღაცამ მედიასთან უნდა იურთიერთოს. მხოლოდ ეს შინაარსი იყო. მტკიცებულება არაა, რომელიც ადასტურებს, რომ რომელიმე მათგანი რაღაც ორგანიზებაში იღებდა მონაწილეობას. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი ორგანიზება იყო“, - განაცხადა ზოდელავამ.
მან საკუთარი სიტყვის წარმოთქმისას, მიმართა პატიმარ ზურა ჭავჭანიძეს და შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა.
„მინდა მივმართო ჭავჭანიძეს. არ აქვს ამას მნიშვნელობა, მისი ჯანმრთელობა ზიანდება და იქნებ შიმშილობა შეწყვიტოს. იქნებ რაღაც გარემოებებმა განაპირობოს, რომ ის არ დაზიანდეს და მშვიდობიანად დაუბრუნდეს თავის ქვეყანას.
ასევე, ევა შანშიაშვილი, ესეც თხოვნაა, რომ იქნებ, ამ ქალბატონის მიმართ მოხდეს რაღაც განსხვავებული პოზიციის დაჭერა. საქმეში არიან მძიმედ დაავადებულები, საპენსიო ასაკის ადამიანები.
თქვენთვის უფრო საზიანოა, ყველას ვგულისხმობ, როგორ უნდა გამოიყვანო ევა შანშიაშვილისგან ძალადობრივი დაჯგუფების ოცმეთაური? ჩვეულებრივი ქალბატონია“,- განაცხადა ზოდელავამ.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვს ბრალდება წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მას ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.