2025 წელს პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება
ანა წითლიძე - ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შეზღუდვას ერთადერთი მოტივაცია აქვს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო მეტად გაიმყაროს ძალაუფლება
Russian army loses 1,190 more soldiers and 41 artillery systems in war against Ukraine
Ukraine and U.S. agree to continue work on joint proposals for peace agreement
U.S. Congress should join consideration of Ukraine peace plan – Senator Graham
US disbands Elon Musk's department
Ukrainian intelligence intercepts call revealing heavy Russian losses in Serebriansky forest
Steps to end war need to be effective – Zelensky

ზურაბ ჯაფარიძე - 28 ნოემბერსაც და ყოველთვის, სანამ არ მოვიგებთ, ქუჩაში უნდა გამოვიდეთ საკუთარი თავის გამო

23.11.2025 ნახვები: 233

28 ნოემბერსაც და ყოველთვის, სანამ არ მოვიგებთ, ქუჩაში უნდა გამოვიდეთ საკუთარი თავის გამო. საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცოთ ყოველ ჯერზე, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად შიშისა, დავრჩით ადამიანებად და უარს არ ვამბობთ ხმის ამოღებაზე, რომ არ ვიქეცით პირუტყვებად,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, რეჟიმი, რომელიც ვერ ერგება ხალხს, შიშით ცდილობს ხალხი მოირგოს.

„შიში. დასჯის შიში. ჯარიმის შიში. შეურაცხყოფის შიში. საჯაროდ დამცირების შიში. ცემის შიში. ვინც გცემა, იმის დაუსჯელობის შიში. შემოსავლების დაკარგვის შიში. ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე შიში. გაუგებრობის შიში. უპერსპექტივობის შიში. მომავლის შიში. ციხის შიში. ყველაფრის დაკარგვის შიში. ათასნაირი შიში არსებობს ადამიანში.

იმის გამო, რომ ამ რუსულ რეჟიმს არ აქვს მხარდაჭერა, ის შიშით ცდილობს ჩვენი ქცევის შეცვლას. რეჟიმი, რომელიც ვერ ერგება ხალხს, შიშით ცდილობს ხალხი მოირგოს.

შიშის გამო უარი უნდა ვთქვათ ფიქრზე, თავისუფალ აზროვნებაზე და ვაღიაროთ ყველა თუ არა, ტყუილების უმეტესობა მაინც, რომელსაც რეჟიმი გვტენის პროპაგანდით. შეიძლება არ დაიჯერო, რომ „დიფ სტეიტი“ მართავს სამყაროს, მაგრამ ის აუცილებლად უნდა დაიჯერო, რომ ამის სჯერა ამ ქვეყნის უმრავლესობას, რომ ამ ქვეყანაში უმრავლესობა ნანა კაკაბაძეა.

შიშის გამო უარი უნდა ვთქვათ სინდისზე, კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარზე. უნდა დავიჯეროთ, რომ ახალგაზრდების წამება, „ტიტუშკების“ დაუსჯელობა, პოლიციის უმოქმედობა და ცრუ ჩვენებები, გოგოების ცემა, პირბადისთვის დაკავება, ლაპარაკისთვის დაჭერა, ფეხმძიმე ქალთან გამთენიისას სპეცრაზმით შევარდნა, ათასობით ადამიანთან რეკვა და გინება, სახლებთან ჩასაფრება და ჯგუფურად ხალხის ცემა, ეს ყველაფერი მოსულა თუ არსებობს რაღაც დიადი, თუნდაც ეფემერული მიზანი - მშვიდობის შენარჩუნება.

შიშის გამო უარი უნდა ვთქვათ ლაპარაკზე, მეტყველების ფუნქციაზე. თუ ისე არ შეგეშინდა, რომ პროპაგანდის დაჯერება დაგეწყო, თუ ისე არ შეგეშინდა, რომ „თეთრი“ და „შავი“ ვეღარ გაგერჩია, ისე მაინც უნდა შეგეშინდეს, რომ დადუმდე. დადუმდე და გაეცალო.

პირუტყვი - მაგარი სიტყვა გვაქვს ქართულში.

პირველი ორი შეიძლება დამალო ადამიანმა, რას ფიქრობ ვინ გაიგებს, ისევე როგორც იმას, არჩევ თუ არა სინათლეს სიბნელისგან. რასაც ვერ მალავ მესამეა, დუმილი. იქეცი თუ არა შიშის გამო პირუტყვად, ეგ ყვირის, არ იმალება.

რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში „ქოცებს“ ეხებათ.

ევროინტეგრაციაზე მუშაობდი მთელი ცხოვრება და ახლა რას აკეთებ? დუმილი.

სამშობლოს სიყვარულზე ქადაგებდი სულ და ახლა სახლში მოპარული მილიონები გიპოვეს? დუმილი.

ფილტვში ტყვია დაიხალე? დუმილი. ადრე ბიძინას რჩეული მონა იყავი, ახლა გიჭერენ? დუმილი. მოლდოვა რატომ არ ჩაითრია „დიფ სტეიტმა“ ომში? დუმილი. ბულგარეთში რატომ არის მამა მამა და დედა დედა? დუმილი. კრემლი რატომ გაქებთ 13 წელია? დუმილი. რატომ აქვს მესიჯბოქსებით ლაპარაკზე ლიცენზია სულ რამდენიმე „ქოცს“ დუმილი.

„მიმართეთ პრესცენტრს“ ანუ, უკაცრავად, მე ნებაყოფლობით განვაცხადე თანხმობა, უარი ვთქვა მეტყველების უნარის გამოყენებაზე, ანუ ადამიანობაზე, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, რადგან სხვა გზა არ მქონდა (ოჯახი მყავს, სესხი მაქვს...)

კი, საბოლოო ჯამში, აზროვნებაზე უარის თქმა, სინდისზე უარის თქმა და მეტყველებაზე უარის თქმა - ადამიანობაზე უარის თქმაა. ამის იქით რჩება მხოლოდ ინსტინქტები, რომლებიც ცხოველებსაც აქვთ. შიშის მიზანიც ეს არის - უარი ვთქვათ ადამიანობაზე.

ჩვენს თვალწინ დადუმდნენ ჩვენი ნაცნობები, მეგობრები, ახლობლები, ნათესავები. ნაწილმა გამართლებები მოძებნა (ოპოზიცია არ ვარგა, ასჯერ გამოვედი და რა შეიცვალა, ალტერნატივა არ ჩანს, უკრაინას უნდა დაველოდოთ, რაღა მე შევწირო ჩემი ცხოვრება, ხალხი არ ვარგა...) ნაწილი მოვალეობის მოხდის მიზნით სვამს ლაიქებს და წერს ზოგად კომენტარებს. ნაწილმა პოლიტიკოსის ან ექსპერტის როლში მყოფმა ისწავლა ისე საუბარი, რომ სახლთან არ დახვდნენ ან ციხეში არ მოხვდეს. მაგრამ არსებითად ეს ყველაფერი მაინც დუმილია.

ჩვენს თვალწინ ხდება ეს ტრანსფორმაცია ადამიანიდან პირუტყვში და როგორც აღმოჩნდა, რაც უფრო მეტ ადამიანთან გაქვს შეხება საქმიანობის თუ ცხოვრების სტილის გამო, მით უფრო მეტს ხედავ. დადუმებული არსებები, რომლებშიც ოდესღაც ადამიანებს ხედავდი. მძიმეა.

„28 ნოემბერს იმიტომ უნდა გამოვიდეთ, რომ დავანახოთ ევროპელებს...“

„იმიტომ უნდა გამოვიდეთ, რომ ქვეყანაა გადასარჩენი“

„იმიტომ უნდა გამოვიდეთ, რომ მხარი დავუჭიროთ პოლიტიკურ და სინდისის პატიმრებს...“

ეს ყველაფერი სწორია და კარგი მოსასმენია, თუმცა 28-შიც და ყოველთვის, სანამ არ მოვიგებთ, ქუჩაში უნდა გამოვიდეთ საკუთარი თავის გამო.

საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცოთ ყოველ ჯერზე, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად შიშისა, დავრჩით ადამიანებად და უარს არ ვამბობთ ხმის ამოღებაზე. რომ არ ვიქეცით პირუტყვებად.

კრემლს ეშინია ადამიანების“,-წერს ჯაფარიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა