დღეს, 22 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის F ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ჩეხეთს დაუპირისპირდება. ჰამბურგის „ვოლკსპარკშტადიონზე“ შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
იქიდან გამომდინარე, რომ პირველ ტურში ორივე ნაკრები დამარცხდა (საქართველო თურქეთთან 1:3, ჩეხეთი პორტუგალიასთან 1:2) ამ მატჩს გუნდებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს – დამარცხებული პლეი ოფში გასვლის შანსს საგრძნობლად შეიმცირებს.

გუნდების სიახლეები
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებების შეტანას არ გამორიცხავს, თუმცა თურქეთის ნაკრებთან მატჩში გოლის გამტანი გიორგი მიქაუტაძე, დიდი ალბათობით, კვლავ ძირითად შემადგენლობაში იქნება, ისევე როგორც „ნაპოლის“ ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია. საქართველოს ნაკრებს კვლავ ვერ დაეხმარება ოთარ კიტეიშვილი, რომელიც მონტენეგროს ნაკრებთან მიღებული ტრავმის შემდეგ სრული დატვირთვით ვარჯიშს კვლავ ვერ ახერხებს.
რაც შეეხება მეტოქეს, ჩეხეთის ნაკრების ნაკრების მთავარი მწვრთნელი ივან ჰაშეკი, შესაძლოა, იმავე თეთრმეტეულს დაეყრდნოს, რომელმაც პორტუგალიასთან მატჩი დაიწყო, თუმცა დიდი შანსია, რომ სასტარტო შემადგენლობაში ონდრეი ლინგრი და მოიმირ ხიტილი (პორტუგალიასთან შეცვლაზე შევიდნენ) გამოჩდნენ.
ფაქტები

მწვრთნელების კომენტარი
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „მეტოქის თამაში გავაანალიზეთ. ბევრი რამ ვიცით ჩეხეთზე, მათი პლუს-მინუსები, მაგრამ ყოველი მატჩი განსხვავებულია. საქართველოს ნაკრების პრობლემა არა მეტოქე, არამედ დისციპლინირებული თამაშია – თუ ამას ვაკეთებთ, მაშინ კარგი ფეხბურთი გამოგვდის.
შესაძლოა, შემადგენლობაში ცვლილებები იყოს, მაგრამ ზუსტად ვერაფერს ვიტყვი. ახალი ენერგია ხანდახან საჭიროა. ევროპის ჩემპიონატი განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ, რათა მომავალში უკეთესები გავხდეთ.
თურქეთთან წაგება გულდასაწყვეტი იყო, მაგრამ აქედანაც ვისწავლეთ, ნაბიჯი წინ გადავდგით“.
ივან ჰაშეკი (ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ჩვენი სტაფის წევრები საქართველოს ნაკრების პირველ მატჩს დაესწრნენ და მეტოქის თამაში კარგად შევისწავლეთ. საქართველოს შანსები ჰქონდა, მათ შორის ბოლო წუთზეც და, ზოგადად, მაღალი კლასის თამაში აჩვენა – გუნდურადაც და ინდივიდუალურადაც.
საქართველოს ნაკრებში მაღალი დონის მოთამაშე მხოლოდ კვარაცხელია არ არის. მიქაუტაძემ არამარტო თურქეთთან გამოიჩინა თავი, საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ნახევარში 11 გოლი გაიტანა. ჩაკვეტაძეს მოედანის კარგი ხედვა აქვს. საჭიროა კონცენტრაცია, საქართველო დაცვაშიც ძლიერია, კონტრშეტევებზე კარგად გადადის და ნახევარდაცვაში სივრცეებს არ ხსნის, ამიტომ შეტევების განხორციელება იოლი არ იქნება.
ტომაშ სოუჩეკმა სრული დატვირთვით ივარჯიშა და თამაშისთვის მზადაა, რაც ძალიან მახარებს, რადგან ის ნამდვილი კაპიტანი გუნდის ლიდერია“.