კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ერთმანეთს ხორვატიისა და მაროკოს ნაკრებები შეხვდნენ. თამაში ხორვატიის ნაკრებმა 2:1 მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
საკმაოდ მძიმე გზა გაიარა მუნდიალზე ხორვატიის ნაკრებმაც, რომელმაც ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა, მერვედფინალში პენალტების სერიაში იაპონია დაამარცხა. დრამატული მატჩი ჩაატარეს ხორვატებმა მეოთხედფინალში ბრაზილიის წინააღმდეგ, სადაც ასევე პენალტების სერიაში აჯობა მრისხანე მეტოქეს და ნახევარფინალში გავიდნენ. იქ კი უკვე ვარაფერს გახდა არგენტინის ნაკრებთან – 0:3.
მესამე ადგილისთვის შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო, ხორვატებმა ანგარიში მე-7 წუთზე იოშკო გვარდიოლის გოლით გახსნეს, მაგრამ მაროკომ მალევე გაათანაბრა. თამაში სწრაფ ტემპში და სანახაობრივად გაგრძელდა, მომენტები ორივე კართან შეიქმნა, ტაიმის ბოლოს კი ხორვატების შეტევა ორშიჩის ლამაზი გოლით დასრულდა და ტაიმი მათ 2:1 მოიგეს.
ხორვატებმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყეს და შეძლეს რამდენიმე მომენტის შექმნა, რის შემდეგაც მათი მეტოქეც გააქტიურდა და თამაშის გადასარჩენად შეტევაში წავიდა. თუმცა რეალური ხიფათის შექმნა ლივაკოვიჩის კართან ვერ მოახერხა.
საბოლოოდ, მატჩი ხორვატების გამარჯვებით დასრულდა, გასული მუნდიალის ვიცე-ჩემპიონმა მსოფლიო ჩემპიონატი მედლის გარეშე არც ამჯერად დატოვა. ხორვატიამ 1998 წლის მიღწევა გაიმეორა და მეორედ გახდა მუნდიალის ბრინჯაოს პრიზიორი. ხორვატიის ნაკრების მოგებით ერთგვარი ტრადიციაც გააგრძელა – ბოლო ათ მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩს ყოველთვის ევროპული ნაკრები იგებს. მაროკოსთვის კი ოთხეულში მოხვედრა ნამდვილად ისტორიული შედეგია – აფრიკულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატებზე ასეთი მიღწევა არასოდეს ჰქონია.