ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობისა და გამოძალვის ბრალდებით დაკავებული დავით ფეიქრიშვილი აცხადებს, რომ გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ოთხი დღის განმავლობაში აწამებდნენ, ხოლო პროკურატურა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი პირები დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობდნენ.
ამის შესახებ ფეიქრიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა და საქმის პროკურორს, დავით დევიძეს მიმართა კითხვით, რატომ შეუზღუდეს ოჯახთან კომუნიკაცია და რა საფუძვლით მისცეს დარეკვის უფლება იმ პერიოდში, როდესაც, მისი მტკიცებით, მასზე ძალადობა ხორციელდებოდა.
„ციხეში ჩემი წამება მოხდა ოთხი დღის განმავლობაში. რაღაც შედეგი დაიდო, მაგრამ კვალიფიკაციას არ ვეთანხმები. პროკურორმა ორი თვით ამიკრძალა გარე სამყაროსთან კომუნიკაცია“, – განაცხადა ფეიქრიშვილმა.
პროკურორმა დავით დევიძემ განმარტა, რომ ოჯახთან დაკავშირების უფლება ფეიქრიშვილს მას შემდეგ მისცეს, რაც დედამისმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
ფეიქრიშვილმა ეს განმარტება სიცრუედ შეაფასა და განაცხადა, რომ იმ დროისთვის მის ოჯახს ინფორმაცია საჯაროდ არ გაუვრცელებია.
„პროკურატურა იყო ჩართული ჩემი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ჩაფარცხვაში. პენიტენციური სამსახური საქმის კურსში იყო და მონაწილე იყო, ციხის დირექტორი ორგანიზატორი იყო, პროკურატურამაც ინფორმაცია მათგან იცოდა“, – განაცხადა ბრალდებულმა.
მისი მტკიცებით, ციხის ადმინისტრაცია აკონტროლებდა მის გადაადგილებასა და ადვოკატთან კომუნიკაციას, ხოლო საკანში სხვა პატიმრების განთავსება ისე შეცვალეს, რომ ენობრივი ბარიერის გამო დახმარების თხოვნა ვერ შეძლებოდა.
ფეიქრიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მასზე ძალადობის გამო მისმა ძმამ თვითდაზიანება მიიყენა, თუმცა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ სათანადო რეაგირება არ მოახდინა.
მან პროკურატურა ძალადობაში ბრალდებული პირების მიმართ არასათანადო სიმკაცრეშიც დაადანაშაულა.
„პროკურატურამ გირაოთი გაათავისუფლა ორივე – პატარიძე და ფირცხალავა – და მე ამ დაჯგუფების ხელში ჩამაგდეთ. მეგის ქარდავა რატომ გყავთ გასამართლებული წამების მუხლით? რით განსხვავდება ყიფიანი მეგის ქარდავასგან? პროკურატურა ხელს უწყობს თავისი ინდიფერენტულობით“, – განაცხადა ფეიქრიშვილმა.
მისივე თქმით, ძალადობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების მიუხედავად, მომხდარის სამართლებრივ კვალიფიკაციას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ საქმე წამების მუხლით უნდა განიხილებოდეს.
სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ფეიქრიშვილს მოუწოდა, შესავალი სიტყვის ფარგლებს არ გასცდენოდა და ჰკითხა, აღიარებდა თუ არა წარდგენილ ბრალდებას.
„არ ვაღიარებ, შეთითხნილი ბრალდებაა. ოთხი დღე მაწამებდნენ და ახლა მიდის ჩაფარცხვა“, – უპასუხა ფეიქრიშვილმა.
საქმის გარემოებები
დავით ფეიქრიშვილი და ალექსანდრე ჩაფოძე 2026 წლის სექტემბერში ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოგვიანებით დავით ფეიქრიშვილს ბრალი დაუმძიმდა. ის ძმასთან, გიორგი ფეიქრიშვილთან ერთად, დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გამოძალვაშიც არის ბრალდებული.
ამასთან, დავით ფეიქრიშვილს სხვა სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულის სტატუსიც აქვს. დაკავებიდან მალევე მას გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც მიღებული დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის საქმეზე პროკურატურამ ბრალი შვიდ პირს წაუყენა. მათ შორის არიან ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, შოთა ყიფიანი, დავით კაჭარავა, პავლე გოცირიძე, ასევე პენიტენციური სამსახურის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე და გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი რამაზ ფირცხალავა.