თბილისში, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, კლინიკაში ოთხი ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნანგრევებისგან ათავისუფლებენ, თუმცა შენობის შემდგომი ნგრევის საფრთხის გამო სამუშაოები გარკვეული დროით შეჩერებული იყო.
ადგილობრივების ინფორმაციით, ნანგრევებში შესაძლოა შვიდამდე ადამიანი იყოს მოყოლილი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
თვითმხილველების განცხადებით, აფეთქების შედეგად კორპუსის რამდენიმე სართული ჩამოინგრა.
„ოთხივე სართული არის ჩამოსული პირველ სართულზე. დეიდაა მოყოლილი [ნანგრევების] დაბლა. ჩვენი ოჯახიდან გამოვედით“, – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
ადგილზე მყოფი კიდევ ერთი პირის თქმით, ნანგრევებში მისი 57 წლის მეგობარია მოყოლილი.
„ორი ბავშვია მოყოლილი, პატარები“, – განუცხადა „ტვ პირველს“ კიდევ ერთმა თვითმხილველმა.
ადგილობრივების ნაწილი აცხადებს, რომ საცხოვრებელი კორპუსი ავარიულ მდგომარეობაში იყო. შენობის ტექნიკური მდგომარეობისა და აფეთქების გამომწვევი მიზეზის შესახებ ოფიციალური დასკვნა ამ დროისთვის არ გავრცელებულა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან კორპუსის მცხოვრებლების ახლობლები, რომლებიც ნანგრევებში შესაძლო დარჩენილი ადამიანების შესახებ ინფორმაციის მიღებას ელოდებიან.
ამ დროისთვის ოფიციალურად დადასტურებულია ოთხი ადამიანის კლინიკაში გადაყვანა. ნანგრევებში შესაძლო დარჩენილი ადამიანების რაოდენობა და მათი მდგომარეობა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
ფოტო - IPN