თბილისში, ვაკის რაიონში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობა საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
უწყების ცნობით, 18 ნოემბერს ბრალდებული ნაცნობ მამაკაცს ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირების დროს თავად ბრალდებულიც დაშავდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობ მამაკაცს ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ხოლო შემდეგ ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაპირისპირებისას დაშავდა თავად ბრალდებულიც“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი 80 წლის იყო.
ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია დამატებითი ინფორმაცია ბრალდებულის ვინაობის, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ასევე უცნობია, კონკრეტულად რა გახდა ნაცნობ მამაკაცებს შორის დაპირისპირების მიზეზი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.