დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას და ამავე დაწესებულებაში განთავსებულ ხუთ პატიმარს ბრალდება წარუდგინეს.
ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბრალდება წარედგინათ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავასა და პავლე გოცირიძეს.
საქმე დავით ფეიქრიშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში სავარაუდოდ განხორციელებულ ძალადობას ეხება.
შეგახსენებთ, დავით ფეიქრიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მასზე ფიზიკურად იძალადეს და პირადი ტელეფონის პაროლის გამხელას აიძულებდნენ. მისი მტკიცებით, ძალადობაში პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი პირებიც იყვნენ ჩართული.