დევიძე ამ განცხადებით გამოეხმაურა დავით ფეიქრიშვილის ბრალდებას, რომლის თანახმადაც, მისი წამების მიზანი პირადი ტელეფონის პაროლის მოპოვება იყო.
„ტელეფონები საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სხვა პირად ნივთებთან ერთად ამოიღეს და დალუქეს. საქმიდან ირკვევა, რომ მათი შენახვის ადგილად მითითებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის პირველი სამმართველოს ადმინისტრაციული შენობა“, – განაცხადა პროკურორმა.
მისი თქმით, ფეიქრიშვილის მტკიცება, თითქოს ტელეფონის შენახვაზე პასუხისმგებელი პროკურორი იყო, უსაფუძვლოა.
„დავით ფეიქრიშვილის განცხადება, რომ მისი ტელეფონის შენახვაზე პროკურორი იყო პასუხისმგებელი, აბსურდია. პროკურორს მის ნივთებთან შემხებლობა არ ჰქონია. აღნიშნული ტელეფონები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი“, – აღნიშნა დევიძემ.
პროკურორი ასევე გამოეხმაურა დაცვის მხარის შუამდგომლობას მისი აცილების შესახებ, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
დევიძის განმარტებით, ადვოკატებმა ვერ დაიცვეს შუამდგომლობის დაყენების კანონით განსაზღვრული წესი და ვერ დაასაბუთეს გარემოებები, რომლებიც პროკურორის ობიექტურობას ეჭვქვეშ დააყენებდა.
„დაცვის მხარემ დაარღვია საკანონმდებლო მოთხოვნა და ვერ დაასაბუთა შუამდგომლობა. სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია და აცილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა“, – განაცხადა მან.
დევიძის თქმით, მას შემდეგ, რაც ფეიქრიშვილის დედამ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა, მიიღეს გადაწყვეტილება, ბრალდებულისთვის ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცათ.
ცნობისთვის, დავით ფეიქრიშვილი ამტკიცებს, რომ ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“, ვატო ყიფიანი და შოთა ყიფიანი მასთან საკანში ტელეფონების გასახსნელად შეუშვეს. მისი განცხადებით, აღნიშნულმა პირებმა გიჩო მარგველაშვილს დაურეკეს, რომელმაც ვიდეოკავშირის საშუალებით ფეიქრიშვილს მისი პირადი ტელეფონი აჩვენა და პაროლის გამხელა მოსთხოვა.
ფეიქრიშვილი აცხადებს, რომ ამ დროისთვის უკვე ნაცემი და ნაწამები იყო. მან სასამართლო პროცესზე პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენა, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.