საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ შეტანილი სარჩელის განხილვისას „ლელო – ძლიერი საქართველოს“ შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მხარეებს სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ გააცნო.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა სარჩელში მითითებული ყველა ინტერნეტბმულის სხდომაზე დემონსტრირების შესახებ. ამასთან, პლენუმის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვისას არ გამოიკვლევენ საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებსა და კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო აქტებს.
„სასამართლო საქმის განხილვის მიმდინარეობის პროცესში განიხილავს სარჩელში მითითებული ცალკეული მტკიცებულებების რელევანტურობას მათი სადავოობისას, როგორც მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით, ისე საკუთარი ინიციატივით“, – განაცხადა ნადარაიამ.
მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება პლენუმმა ერთსულოვნად მიიღო. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
მტკიცებულებების გამოკვლევის შუამდგომლობა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან სამუშიამ დააყენა. მოთხოვნას მხარი სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც დაუჭირეს.