საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების საგანგაშო მდგომარეობას, დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებასა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში უკუსვლის გაგრძელებას ადასტურებს.
ორგანიზაციის განცხადებით, ევროკომისიის ანგარიში, რომელიც 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან 2026 წლის 1-ელ სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს, მიუთითებს, რომ ქვეყანაში ფუნდამენტური უფლებების დაცვის მიმართულებით უკვე მესამე წელია მდგომარეობა უარესდება.
საიას განმარტებით, ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეპრესიულ კანონმდებლობას, რომელმაც მნიშვნელოვნად შეზღუდა გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებები, ასევე თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპები.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის სამართლებრივი გარანტიები კვლავ არასაკმარისია. ანგარიშის თანახმად, სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის შემთხვევების დიდი ნაწილი გამოუძიებელია, მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის მაისში პროკურატურამ 2024 წლის საპროტესტო აქციებზე ძალადობის გამო ხუთ პოლიციელს უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარუდგინა.
ამასთან, საიას ინფორმაციით, დღემდე არ ჩატარებულა დამოუკიდებელი გამოძიება 2024 წლის დემონსტრაციების დროს გამოყენებულ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შესაძლო შერევის ფაქტზე.
„ანგარიში ხაზს უსვამს, რომ შეკრებების მარეგულირებელი კანონმდებლობა კვლავ შემზღუდველია“, – აცხადებს ორგანიზაცია და აღნიშნავს, რომ საპროტესტო შეკრებების კონტროლის გამკაცრება როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე გრძელდება.
საიას განცხადებით, ანგარიშში საუბარია დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების მიმართ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების სისტემატურ შემთხვევებზეც, რაც ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს დემოკრატიული პროცესებისა და მართლმსაჯულების სისტემის შეფასებაზეც. მისი ინფორმაციით, ევროკომისია საკონსტიტუციო სასამართლოში მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზნით დაწყებულ სამართალწარმოებას ქვეყნის დემოკრატიული საფუძვლებისთვის საფრთხედ მიიჩნევს.
ანგარიშში ასევე კრიტიკულად არის შეფასებული 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც, ევროკომისიის შეფასებით, მკვეთრად პოლარიზებულ და რეპრესიულ გარემოში ჩატარდა, რამაც საარჩევნო პროცესის კონკურენტულობა და გამჭვირვალობა შეარყია.
საიას განცხადებით, მართლმსაჯულების სფეროშიც უკვე მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება. დემონსტრანტებისთვის დაკისრებული მკაცრი და არაპროპორციული სასჯელები კი აჩენს შეშფოთებას, რომ სასამართლო სისტემა შესაძლოა რეპრესიული მექანიზმის აღსრულების ინსტრუმენტად გამოიყენებოდეს.
„ანგარიშში ხაზგასმულია, რომ წინა წლის რეკომენდაციები კვლავ შეუსრულებელი და რელევანტურია და იგი მოუწოდებს სახელმწიფოს, მყისიერად იმოქმედოს მათ შესასრულებლად“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.