სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს
რომან გოცირიძე - რა მოხდა ამერიკაში? რატომ დამარცხდნენ რესპუბლიკელები, როგორ ახსნა მარცხი ტრამპმა და სად არის სიმართლე?
მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

ნახვები: 224 სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს
„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივით, არჩევნების საბოლოო შედეგების სასამართლოში გასაჩივრება მხოლოდ ტექნიკური შეცდომების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რაც სისტემური საარჩევნო დარღვევების გასაჩივრების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ზღუდავს. ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

ორგანიზაციების შეფასებით, 28 ოქტომბერს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი არჩევნების შედეგებზე სასამართლო კონტროლს ასუსტებს, აუქმებს ხმების სავალდებულო გადათვლის მექანიზმს და საარჩევნო ადმინისტრაციაში გადაწყვეტილებების მიღებას კიდევ უფრო ცენტრალიზებულს ხდის.

განსაკუთრებით საგანგაშოდ მიიჩნევენ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება მხოლოდ მექანიკური ან ტექნიკური შეცდომების გამოსწორების მიზნით დაიშვება. სხვა საფუძვლით წარდგენილ სარჩელს სასამართლო წარმოებაში აღარ მიიღებს.

„ამგვარი შეზღუდვა არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების ეტაპზე გამორიცხავს სისტემური დარღვევებისა და არჩევნების შედეგებზე მათი ერთობლივი გავლენის შესახებ დავას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციების განმარტებით, საარჩევნო დარღვევების სისტემური ხასიათი შესაძლოა მხოლოდ სხვადასხვა უბნის შედეგებისა და მთლიანი საარჩევნო პროცესის ერთობლივი ანალიზით გამოვლინდეს. შესაბამისად, ცალკეულ უბნებზე დავის შესაძლებლობა საბოლოო შედეგების სრულფასოვან სასამართლო კონტროლს ვერ ჩაანაცვლებს.

კანონპროექტი ასევე აუქმებს საოლქო საარჩევნო კომისიების ვალდებულებას, შემთხვევითი შერჩევით ხუთი უბნის შედეგები ხელახლა გადათვალონ. ორგანიზაციების შეფასებით, ეს მექანიზმი ხმების დათვლის სიზუსტის გადამოწმებისა და შესაძლო მანიპულაციების პრევენციის მნიშვნელოვანი გარანტია იყო.

ცვლილებების თანახმად, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის საკითხს კომისიის ნაცვლად მისი თავმჯდომარე ერთპიროვნულად გადაწყვეტს. განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ კოლეგიური გადაწყვეტილების გაუქმება ზრდის სუბიექტური და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების რისკს.

საკანონმდებლო პაკეტი საარჩევნო სუბიექტებისთვის ფინანსური ანგარიშგების ვადას 12-დან 5 დღემდე ამცირებს, ხოლო მეორე ტურისთვის დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების რეგისტრაციის ვადას ორი დღით ზღუდავს.

ამასთან, მაუწყებლებსა და გაზეთებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი უფასო სარეკლამო დრო ან ფართობი სხვა მონაწილეებს გადაუნაწილონ. ორგანიზაციების შეფასებით, ეს შეზღუდვა განსაკუთრებით მცირე და ნაკლები რესურსის მქონე პარტიებს დააზარალებს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ კანონპროექტის მომზადებას წინ არ უძღოდა საჯარო განხილვა ან კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციასთან.

სამი ორგანიზაციის შეფასებით, ცვლილებები ეწინააღმდეგება საარჩევნო რეფორმების შესახებ ვენეციის კომისიის სტანდარტებს და კიდევ უფრო ასუსტებს არჩევნებზე საზოგადოებრივი და სასამართლო კონტროლის მექანიზმებს.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა