საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას, რადგან ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება და ხელისუფლება ვითარების გამოსასწორებლად ნაბიჯებს არ დგამს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა 2026 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენისას განაცხადა.
კალასის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, ხოლო შექმნილ ვითარებაზე შესაძლო რეაგირების საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იანვარში განიხილავენ.
„საქართველოს ხელისუფლება ამჟამად არის ევროკავშირთან შეჯახების გზაზე, დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით. ეს ძალიან ცხადია. არ ხდება ნაბიჯების სწორი მიმართულებით გადადგმა“, – განაცხადა კალასმა.
მისი განმარტებით, ევროკავშირში საქართველოს საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, ამიტომ კონკრეტულ ზომებზე საუბარი ნაადრევია. თუმცა, მისი თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა გამოხატავდეს მკაფიო განსხვავებას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერასა და ხელისუფლების პოლიტიკის მიუღებლობას შორის.
„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ უნდა გავცეთ პასუხი, იმის ცხადად გამოსახატად, რომ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხსა და მათ მისწრაფებას, რომ ჩვენ ზურგს არ ვაქცევთ ქართველ ხალხს, რომელსაც სურს საქართველოს ევროკავშირის წევრად ხილვა, მაგრამ, ამავდროულად, ეს მკაფიო გზავნილი იყოს ხელისუფლებისთვის, რომ ჩვენ მხარს არ ვუჭერთ მსგავსი სახის პოლიტიკას“, – აღნიშნა მან.
კალასის განცხადებით, იანვარში დაგეგმილი განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება, როგორ შეძლებს ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების უფრო ეფექტიან მხარდაჭერას ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიციის შენარჩუნების პირობებში.