ამის შესახებ სალიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.
„ერთი რამე შემიძლია დაგიდასტუროთ, დავით ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში. გამოძიება დაადგენს კონკრეტულად იმ პირების სახელებსა და გვარებს, ვინ იყვნენ ამ საკანში, რამდენი პირი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება, ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ კურირებდა, ვინ იყო ინფორმირებული და ა.შ. ეს არის გამოძიების მიერ დასადგენი. იმედი მაქვს, მალე გვეცოდინება გამოძიების თუნდაც პირველადი შედეგები“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მოხდა თუ არა ფეიქრიშვილის საკანში სხვა პირების შესახლება, სალიამ დადებითად უპასუხა. თუმცა, კითხვაზე, იყვნენ თუ არა ეს პირები ვატო ყიფიანი და მისი თანმხლები პირები, მინისტრმა კონკრეტული ვინაობების დასახელებისგან თავი შეიკავა და განმარტა, რომ აღნიშნულს გამოძიება დაადგენს.
შეგახსენებთ, დავით ფეიქრიშვილის განცხადებით, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მასზე ფიზიკურად იძალადეს ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა – ავთანდილ ბილანიშვილმა, მეტსახელად „კაწრომ“, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური თავდაპირველად ძალადობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა. მოგვიანებით, მრავლობითი დაზიანებებით, ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც მკურნალობას აგრძელებს.
საქმეზე გამოძიება თავდაპირველად იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო, თუმცა შემდგომ იგი გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა.
გამოძიების მიმდინარეობისას პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა. ამის შემდეგ პატარიძემ თანამდებობა დატოვა, ხოლო მის ნაცვლად შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი რამაზ თათარაშვილი დაინიშნა.
მინისტრის განცხადების მიუხედავად, ამ ეტაპზე ოფიციალურად არ არის დადგენილი, ვინ იმყოფებოდა ფეიქრიშვილის საკანში და რა გარემოებებში მიიღო მან დაზიანებები.