სახალხო დამცველი საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, საქმე უშუალოდ პროკურატურის ორგანოებმა გამოიძიონ, რათა უზრუნველყოფილი იყოს გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და ყველა გარემოების მიუკერძოებელი შესწავლა.
სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, დავით ფეიქრიშვილის მონახულების მოთხოვნა 19 ოქტომბერს მიიღეს. იმავე დღეს პატიმართან წარმომადგენელი მივიდა, თუმცა ფეიქრიშვილმა მასთან შეხვედრასა და გასაუბრებაზე უარი განაცხადა.
უწყება ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 19 ოქტომბერს დავით ფეიქრიშვილის მონახულებას პირადად სახალხო დამცველი ცდილობდა.
„საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს 19 ოქტომბერს პირადად სახალხო დამცველი იმყოფებოდა დავით ფეიქრიშვილის მონახულების მიზნით, არ შეესაბამება სიმართლეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი ვიზიტისას ფეიქრიშვილს ინფორმაცია არ მიუწოდებია, სახალხო დამცველის აპარატმა მისი დედისა და ადვოკატის საჯარო განცხადებების საფუძველზე საქმის შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო.
20–21 ოქტომბერს აპარატმა შესაბამის უწყებებს მიმართა დავით ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების გარემოებების შესასწავლად.
კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატმა საგამოძიებო უწყებისგან მოითხოვა ინფორმაცია სავარაუდო დანაშაულის შესახებ, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტისგან – პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ხოლო №8 პენიტენციური დაწესებულებისგან – ფეიქრიშვილისა და მედიაში დასახელებული სხვა პატიმრების განთავსების დეტალებზე, ვიდეომეთვალყურეობასა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გატარებულ ღონისძიებებზე.
ამასთან, პენიტენციური სამსახურისგან დამატებით მოითხოვეს ინფორმაცია ფეიქრიშვილის საკანსა და მიმდებარე დერეფანში ვიდეომეთვალყურეობის შესახებ.
22 ოქტომბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები დავით ფეიქრიშვილს კლინიკა „ვივამედში“ განმეორებით შეხვდნენ.
„ამჯერად მან სახალხო დამცველის აპარატს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, მათ შორის, მიუთითა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების სავარაუდო დანაშაულებრივ ჩართულობაზე. ასევე, განმარტა, რომ სრულფასოვანი ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო უწყებასაც, 2026 წლის 21 ოქტომბერს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოძიების დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საქმე პროკურატურის ორგანოებს უნდა დაექვემდებაროს.
„სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმის გამოძიება დაუქვემდებაროს პროკურატურის ორგანოებს, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვის მიზნებისთვის, რათა გამოძიებამ მიუკერძოებლად და ობიექტურად გამოიკვლიოს ყველა გარემოება, მათ შორის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო დანაშაულებრივ მოქმედებებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი მანამდე აცხადებდა, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს პენიტენციურ დაწესებულებაში სხვა პატიმრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრებს შორის ძალადობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
საქმის გარემოებები გამოძიების საგანია და ფეიქრიშვილის მიერ დასახელებული შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები ამ ეტაპზე დადასტურებულ ფაქტებად არ არის მიჩნეული.