ამის შესახებ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და პროცესის მონაწილეთა ქცევას ირონიულად აფასებს.
„თუ გინდათ, რომ საინტერესო საყურებელი გახდეს ეს ისტორიული პროცესი, დაივიწყეთ ილუზიები, უსაფუძვლო ოპტიმიზმი და უყურეთ იმას, რაც სინამდვილეში ხდება: ყველამ ყველაფერი წინასწარ იცის. არავინ ელის რაიმე ექსტრაორდინარულს“, – წერს ჯაფარიძე.
მისი მტკიცებით, პროცესის მონაწილეებმა იციან, რომ მათ ქმედებებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აკვირდება, რის გამოც თითოეული მათგანი განსხვავებულ როლს ასრულებს.
„ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს. მანდატურებიც კი გამოაწყვეს სპეციალურ მუნდირებში. ყველამ იცის, ბოლოს რაც მოხდება და რა როლი აქვს მიმდინარედ, მაგრამ მაინც არის მათ თამაშში განსხვავებული ნიუანსები“, – აცხადებს ჯაფარიძე.
მისი შეფასებით, პროცესის მონაწილეთა ერთი ნაწილი ცდილობს, ივანიშვილს თავი მოაწონოს და საჯაროდ პირველად წარმოაჩინოს საკუთარი მორჩილება, მეორე ნაწილი კი უკვე მოპოვებული კეთილგანწყობის შენარჩუნებაზე ზრუნავს.
„ზოგი ცდილობს, ჩუმად იყოს, მინიმალური ვალდებულება შეასრულოს, ბოლოს ხელი მოაწეროს გადაწყვეტილებაზე და ასე გამოძვრეს, იქნებ საერთოდაც აღარავის გაახსენდეს მომავალში“, – წერს ჯაფარიძე.
მისივე განცხადებით, არიან ისეთებიც, რომლებიც კვლავ ცდილობენ დაამტკიცონ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი არ აქვთ.
„ზოგი „ნაცი არა ვარ“ მტკიცების რეჟიმშია ისევ, საკუთარი წარსულიდან და ბიძინას გამძაფრებული პარანოიიდან გამომდინარე და განსაკუთრებული „შეუპოვრობით“ გამოირჩევა“, – აღნიშნავს ჯაფარიძე.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიმდინარე პროცესს თეატრალურ წარმოდგენას ადარებს.
„ასეთი სპექტაკლია. ბოლოს შეგვიძლია რამე პრიზიც დავაწესოთ როლის საუკეთესო შემსრულებლისთვის“, – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა, რომლითაც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი საქმიანობის აკრძალვაა მოთხოვნილი.