ამის შესახებ კუგლერი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს.
„ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესით, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად. პოლიტიკური კონკურენციის გადაწყვეტა არჩევნების გზითა და ღია დემოკრატიული დებატებით უნდა ხდებოდეს და არა პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებით მმართველი უმრავლესობის მიერ ინიცირებული სასამართლო პროცესების საშუალებით“, – აცხადებს კუგლერი.
მისი შეფასებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა განსაკუთრებული ზომაა, რომლის გამოყენებაც უმაღლეს დემოკრატიულ და სამართლებრივ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.
„როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს ეს სარჩელი და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა. საქართველო არ უნდა გახდეს ქვეყანა, სადაც პოლიტიკურ ოპოზიციას განიხილავენ არა დემოკრატიული ცხოვრების განუყოფელ ნაწილად, არამედ მტრად, რომელიც უნდა აღმოიფხვრას. საქართველომ, როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფომ და ევროპის საბჭოს წევრმა, ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს“, – წერს კუგლერი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს მმართველი პარტიის 88 დეპუტატის მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა, რომლითაც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი საქმიანობის აკრძალვაა მოთხოვნილი.
სარჩელი ეხება „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“, „კოალიციას ცვლილებისთვის“, „ძლიერ საქართველოს“, „ფედერალისტურ პარტიასა“ და პარტიას „გახარია საქართველოსთვის“.