კემულარია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი დაამტკიცეს, რომელიც, მისი ინფორმაციით, 1 600 საწარმოსა და ფიზიკურ პირს შეეხება.
მისი განცხადებით, შეზღუდვების ერთ-ერთი მთავარი მიზანია რუსეთის სარაკეტო და სხვა სამხედრო-სამრეწველო საწარმოებისთვის ევროპული ჩიპებისა და ტექნოლოგიური კომპონენტების მიწოდების შეჩერება, მათ შორის მესამე ქვეყნების მეშვეობით სანქციების გვერდის ავლის შემთხვევებში.
კემულარია წერს, რომ რუსულ მედიაში უკვე განიხილავენ ახალი შეზღუდვების შესაძლო გავლენას ე.წ. პარალელურ იმპორტზე. მისივე ინფორმაციით, ასეთ სავაჭრო მარშრუტებად სახელდება თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ცენტრალური აზია და კავკასია.
ყოფილი მინისტრის მტკიცებით, რუსი ანალიტიკოსები ამ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ნაწილს სწორედ რუსეთისთვის სანქცირებული პროდუქციის მიწოდებას უკავშირებენ.
კემულარია ვარაუდობს, რომ მოსკოვი ამ განცხადებებით ფაქტობრივად ამხელს იმ ქვეყნებს, რომლებიც შესაძლოა რუსეთისთვის შეზღუდული ტექნოლოგიების მიწოდებაში მონაწილეობდნენ.
მისი შეფასებით, აღნიშნული საკითხი საქართველოსაც ეხება. კემულარია ამტკიცებს, რომ რუსული წყაროების მიერ დასახელებული სავაჭრო მარშრუტები საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის შესახებაც აჩენს კითხვებს.
(ამასთან, მის პოსტში წარმოდგენილი არ არის კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ საქართველოდან რუსეთის სარაკეტო წარმოებისთვის განკუთვნილი სანქცირებული კომპონენტების მიწოდება ხორციელდებოდა. რედ)
კემულარია ასევე წერს, რომ ევროპული სადაზვერვო და საგამოძიებო სტრუქტურები სანქციების გვერდის ავლის შესაძლო შემთხვევების შესწავლას გეგმავენ.
პოსტის ბოლოს ყოფილი მინისტრი აშშ-ში რუსული დიზელის საწვავის შესაძლო იმპორტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურება. მისი მტკიცებით, გემი, რომლის ამერიკულ პორტში შესვლაც რუსული დიზელის მიწოდებას დაუკავშირეს, სინამდვილეში ამონიუმის სასუქს გადაჰქონდა.