შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.
სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული მოქმედებების გააქტიურება იქნება.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობებს, უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელებასა და მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერების საკითხებს.
დისკუსიის დაწყებამდე მინისტრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან გაცვლიან მოსაზრებებს.
საბჭოს დღის წესრიგშია ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაც. ირანში განვითარებული ბოლო მოვლენების ფონზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ნაოსნობის თავისუფლებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.
გარდა ამისა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ ღაზის სექტორსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე არსებულ მდგომარეობაზე.
რაც შეეხება საქართველოს, გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საკითხი სხდომაზე განიხილება, თუმცა კონკრეტულად რა გადაწყვეტილებები შეიძლება მიიღონ მინისტრებმა, წინასწარ მითითებული არ არის.