ამის შესახებ კოსმა დღეს, 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ევროკომისარს ჰკითხეს, გეგმავს თუ არა ევროკავშირი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის განახლებას.
კოსის განცხადებით, ბრიუსელს საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიური ურთიერთობების აღდგენა სურს, თუმცა ამისთვის აუცილებელია, რომ თბილისმა ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიული სტანდარტების დაცვის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.
„სანამ ისინი წინ არ მიდიან და პირიქით, იმ კანონებით, რომლებიც მიიღეს, უკუსვლას განიცდიან, სანამ წინსვლა არ იქნება, სანამ ევროპული ღირებულებებისკენ არ გადადგამენ ნაბიჯებს, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ“, — განაცხადა ევროკომისარმა.
ამასთან, მარტა კოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შეზღუდვა ქართველი ხალხის მხარდაჭერის შეწყვეტას არ ნიშნავს.
მისი თქმით, ევროკავშირი აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობას და საქართველოს მოსახლეობისთვის სხვადასხვა მიმართულებით დახმარების გაწევას.
„საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გვაქვს: მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებასთან არ ვთანამშრომლობთ, ჩვენ ვთანამშრომლობთ სამოქალაქო საზოგადოებასთან და მხარს ვუჭერთ ხალხს. ბევრი სფეროა, სადაც დახმარებას ვუწევთ და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ“, — აღნიშნა კოსმა.
ევროკომისრის განცხადებით, სასურველია, საქართველოს კანდიდატის სტატუსს რეალური შინაარსი ჰქონდეს, თუმცა ევროპული ინტეგრაციის პროცესის გასაგრძელებლად ორივე მხარის მონაწილეობაა აუცილებელი.
„კარგი იქნებოდა, საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფურცელზე არ იყოს, მაგრამ წინსვლისთვის ორივე მხარის ჩართულობაა საჭირო“, — განაცხადა მარტა კოსმა.
ევროკომისრის განცხადების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობის აღდგენა დამოკიდებულია იმაზე, გადადგამს თუ არა თბილისი ნაბიჯებს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებსაც ევროკავშირი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში დაბრკოლებად მიიჩნევს.
წყარო: ევროკომისიის აუდიოვიზუალური სამსახური.