საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული საეკლესიო პრობლემები იყო. მისი თქმით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ არსებობს გარკვეული რესურსი ოკუპირებულ რეგიონებში საეკლესიო წეს-ცხოვრების მოსაწესრიგებლად მუშაობისთვის.
„დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საპატრიარქოში სტუმრად ეწვია მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტის ანტონის მეთაურობით, რომელიც ხელმძღვანელობს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობებს. შედგა საუბარი. საუბარი, რა თქმა უნდა, ეხებოდა იმას, რომ მოსკოვის საპატრიარქოსგან და მოსკოვის პატრიარქისგან იყო მილოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამისადმი, მის პატრიარქად გამორჩევასთან დაკავშირებით.
საუბარი ძირითადად შეეხო იმ უმთავრეს პრობლემატურ საკითხებს, რომლებიც საქართველოს ეკლესიას გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ხაზგასმით ითქვა, რომ ეს არის ძირითადი პრობლემა, რომელიც ორ ხალხს შორის ურთიერთობას ნეგატიური კუთხით ავითარებს და უდევს საფუძვლად. ამიტომ გზები არის საპოვნელი იმისთვის, რომ გადაილახოს ურთიერთობებში დამაბრკოლებელი პრობლემები.
ითქვა, რომ ეს არის მოუშუშებელი ჭრილობა საქართველოს ეკლესიისთვის, სრულიად საქართველოსთვის. ორივე მხრიდან იქნა აღნიშნული, რომ არსებობს გარკვეული რესურსი იმისა, რომ ვიმუშაოთ საკითხებზე, რომლებიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ორივე რეგიონში მოაწესრიგებს.
გაიხსენეს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობა და ღვაწლი.
ასე რომ, მთლიანობაში ეს შეხვედრა იმედს ტოვებს, რომ შესაძლოა შემდგომში გარკვეული ნაბიჯები და გზები გამოინახოს იმისთვის, რომ ამ მტკივნეულ საკითხებს რაიმე პოზიტივი შეემატოს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, საპატრიარქო რეზიდენციაში იმყოფებოდნენ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ანტონი (სევრიუკი), მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი, ამავე განყოფილების თავმჯდომარის თანაშემწე, მღვდელი ნიკოლოზ ვასინი და მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი საქართველოში ვლადიმერ ალექსანდროვი.
შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
საპატრიარქოს თანახმად, შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.