რუსული ძალების მიერ კიევზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 14 წლის ბიჭი დაიღუპა, შვიდი ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, დრონი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. ადგილზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, სამაშველო სამსახურები კი თავდასხმის შედეგების აღმოფხვრას განაგრძობენ.
„საუბედუროდ, დაიღუპა 14 წლის ბიჭი. ვუსამძიმრებ ოჯახსა და ახლობლებს. დაშავდა შვიდი ადამიანი. ეს იყო აბსოლუტურად სასტიკი და ამაზრზენი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია“, - აცხადებს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, დღის დასაწყისიდან რუსულმა ძალებმა უკრაინის რვა რეგიონს შეუტიეს. ოდესაში საფოსტო ობიექტზე დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ზაპოროჟიეში კი სამედიცინო კლინიკა დაიბომბა, სადაც თავდასხმის მომენტში ადამიანები იმყოფებოდნენ. დაშავებულები არიან სუმისა და მიკოლაივის რეგიონებშიც.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ პარტნიორები გააფრთხილა, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთზე ზეწოლის არარსებობის შემთხვევაში, თავდასხმების ესკალაციას ელოდება.
„იმისთვის, რომ დიპლომატიამ შედეგი გამოიღოს, აუცილებელია აშშ-ის სანქციების აღსრულება და ევროპული სანქციების გამკაცრება. ჩვენს პარტნიორებს აქვთ მშვიდობის დამყარების გასაღები, ძალის მეშვეობით. რუსებმა უნდა გაიგონ, რომ ისინი უბრალოდ ვერ დაელოდებიან ომის თავისით დასრულებას და რომ ომი უნდა დასრულდეს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.