საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. მათ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას ედავებიან.
სუს-ის ცნობით, დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა. უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანდნენ, ორგანიზაციის ლიდერის წინაშე ერთგულების ფიცი, ე.წ. ბაიათი დადეს და მის მიმართ უპირობო მორჩილება გამოხატეს.
„დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ერთგულების ფიცის, „ბაიათის“ ხელნაწერი ტექსტი, ბეჭედი ისლამური წარწერით, სხვადასხვა სახის ვაზნები, ხელყუმბარა, კაფსულ-დეტონატორი და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.