უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართულ შეხვედრას პოზიტიურსა და პროდუქტიულს უწოდებს. მისი განცხადებით, ორივე ქვეყანას სურს, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ზამთრამდე დასრულდეს.
ზელენსკის ინფორმაციით, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შესაძლო დეესკალაციის ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა დიპლომატიური მოლაპარაკებების განახლებისთვის გზა გახსნას.
„პოზიტიური და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. როგორც აშშ-ს, ასევე უკრაინას სურთ რუსეთის ამ უაზრო ომის დასრულება ზამთრამდე. განვიხილეთ პოტენციური დეესკალაციური ნაბიჯები, რომლებსაც შეუძლიათ დიპლომატიისკენ გზის გახსნა“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს უკრაინაში Patriot-ის რაკეტების წარმოების დაწყებაზე. მისი თქმით, ორივე ქვეყნის გუნდები ამ საკითხზე მუშაობას აგრძელებენ.
„მადლობელი ვარ, რომ ამასობაში ჩვენი გუნდები აგრძელებენ მუშაობას უკრაინაში Patriot-ის რაკეტების წარმოების დაწყებაზე. ეს არის ის, რაც დაგვეხმარება სიცოცხლეების დაცვაში, თუ რუსეთი უარყოფს მოლაპარაკებებს და გააგრძელებს ფსონის დადებას ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტებით ტერორზე ამ ზამთარში და მერეც“, - აცხადებს ზელენსკი.
მისივე ცნობით, პრეზიდენტებმა სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ საკითხებთან ერთად უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის ზამთრის პაკეტიც განიხილეს.
„მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს, მის გუნდსა და ამერიკელ ხალხს მათი მხარდაჭერისთვის“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.