საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტისა და უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხები განიხილა. ამის შესახებ მაკრონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მილიონობით ოჯახს ზამთარში გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენის საფრთხეს უქმნის. მისი თქმით, საფრანგეთი უკრაინას ზამთრის გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება და ამ მიზნით „დიდი შვიდეულის“ ენერგეტიკული ჯგუფიც მობილიზებული იქნება.
„ჩვენ ვაძლიერებთ მის საჰაერო თავდაცვას რადარებისა და ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით“, - წერს მაკრონი.
მისივე ინფორმაციით, უკრაინის მხარდაჭერის, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტისა და შავ ზღვაში თავდასხმებზე მორატორიუმის დაწესების საკითხები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც განიხილა.
„ეს იმ მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იქნება, რომელიც უნდა განახლდეს და რომელიც სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობამდე უნდა მივიდეს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონის განცხადებაში არ არის მითითებული, რომ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტის ან შავ ზღვაში თავდასხმებზე მორატორიუმის შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია.