ირაკლი კობახიძე - სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი
Forbes: ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი შესაძლოა, გასამმაგდეს
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher

დიდგორი - ზეიმი, რომელიც მშვიდობის და თავისუფლების მოყვარე კაცობრიობამ უნდა აღნიშნოს

08.12.2021 | 17:52 ნახვები: 742

ავტორი: კონსტანტინე გამსახურდია

დიდგორი - ზეიმი, რომელიც ქართველ ერთან ერთად მშვიდობის და თავისუფლების მოყვარე კაცობრიობამ უნდა აღნიშნოს.

დღეს დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავია. ძალიან მოკლედ აღვნიშნოთ ის, რაც ამ ბრძოლას შეეხება. მუსლიმი მმართველები მათთვის ძალიან მნიშვნელოვან და იმავდროულად მტკივნეულ საკითხზე დაფიქრდნენ - თუკი ისინი არ გადაწყვეტდნენ დავით IV-ის, ქართველთა ცნობიერებაში "აღმაშენებლის" და განუხრელი მომძლავრების გზაზე დამდგარი სამეფოს პრობლემას, ისინი კარგავდნენ სამხრეთ კავკასიას ისევე, როგორც დაკარგეს ანტიოქია, წმინდა მიწა იერუსალიმით, ლევანტეს ლიბანური სანაპირო და სირია ჯვაროსანი რაინდების სამხედრო წარმატებების გამო. გარდა ქრისტიანული საქართველოსი ისინი კარგავდნენ სამხრეთ კავკასიის მუსლიმურ სახანოებს და ქვეყნებს, რომლებიც თანდათან დავითის საქართველოს ყმადნაფიცები ხდებოდნენ და ყველგან ქართული ჯარები და გარნიზონები დგებოდა. ამის გამო მოხდა დიდი მობილიზაცია, რომლის თავკაცებიც იყვნენ ამირა ნეჯმ ედდინ ილღაზი, ასევე მისი უახლოესი პირი, ჰილას ამირა დუბაის იბნ სადაკა ("დურბეზე სადაყას ძე" ქართული წყაროებისა) კოალიციური ჯარი საქართველოსკენ დაიძრა, ისე როგორც მერაბ კოსტავას ამ ლექსშია მარჯვედ ნათქვამი:
აღიძვრნენ, უძღოდათ მზერათა მზარავი
არაბულ ტაიჭზე მქროლავი არავი.
დუშმანს გაეგება დავით თოროსანი,
მესსიის ელვა და ედემის სოსანი .....
ბრძოლის მიმდინარეობის შესახებ ძირითად ორი ვერსიაა - ქართული და არაბული. არაბული ვერსია, რომელიც ისტორიკოსი ალ-ფარიკისგან იღებს სათავეს (ვინც ეს ამბები თითქოს პირადად მოისმინა დემეტრე I-სგან) და მეორდება სიბთ იბნ ალ-ჯაუზისთან, ალ-კალანისისთან და ქამალ ად-დინთან, განიხილავს ქართველთა მხრიდან ჩასაფრებით ხასიათს - ქართული არმია ორადაა გაყოფილი და ჩასაფრებულია - დასავლეთ ფლანგს დავით IV სარდლობს, აღმოსავლეთისას მისი ვაჟი დემეტრე. ქართველები ჯერ უკუიქცნენ, მუსლიმთა კოალიციის ჯარი შეიტყუეს და მერე გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს.
მეორე ვერსია ქართული წყაროებისაა (რომელთა რეკონსტრუქციაც ისტორიკოსმა მამუმა წურწუმიამ მოახდინა) წარმოაჩენს ამ სამსაათიანი შერკინების ასეთ სურათს: ქართული ლაშქარი იყენებდა ცხენოსანთა დარტყმით ტაქტიკას. გამარჯვების მისაღწევად ქართველთა პირველივე შეტევაც საკმარისი აღმოჩნდა და ეს იერიში ბრძოლის მიწურულს განხორციელდა, მანამდე კი დავით აღმაშენებელი თავს იცავდა და ხელსაყრელ დროს ელოდებოდა. ანუ "ამწიფებდა" ძირითად იერიშს, თან ფხიზლად აკვირდებოდნენ ბრძოლის თითოეულ ნიუანსს. ბრძოლის პირველ ნახევარში მოგერიებულ იქნა კავალერიის იერიში, ხოლო კონტრშეტევისათვის სწორი მომენტის შერჩევის შემდეგ, მძიმედ შეჭურვილი ქართული მხედრობის უმთავრესი, უკვე გამანადგურებელი დარტყმა განხორციელდა კოალიციის მთავარ ბირთვის მიმართ. შედეგი: ილღაზის დროშა ხელში ჩაიგდო ქართულმა ჯარმა, ძირითადი სარდლები და მეთაურები ან განადგურდნენ, ან მძიმედ დაჭრილები უკუიქცნენ. ქართული ჯარები პანიკურად გაქცეულთ გამოედევნენ და უზარმაზარი ალაფი აიღეს.
რუსული ჰიბრიდული ომის თურქოფობი პროპაგანდისტები ისე წარმოაჩენენ საქმეს, თითქოს ამ ბრძოლაში "თურქეთი" და "თურქები" დამარცხდნენ. ცხადია, რომ ანტითურქიზმის ეს კულტივაცია მათ ესაჭიროებათ კავკასიაში რუსული პოზიციების განმტკიცებისთვის. არანაირი თურქეთი ამ დროს არ არსებულა, იყო თურქული წარმოშობის სელჯუკიანთა დინასტია, რომელიც მართავდა დაპყრობილ ირანს და ერაყს. მათი მმართველობა ღაზნევიდური ირანის პოლიტიკურ ტრადიციაზე იყო დამყნილი, რაზეც მეტყველებს ირანელი ვეზირის, ნიზამ ალ-მულქის წიგნი "სიასეთ ნამე" (პოლიტიკის წიგნი) რაც იყო სელჩუკიანთა სასულტნოს ალბათ ძირითადი საპროგრამო დოკუმენტი. ოსმალეთის იმპერია 1453 წლამდე არ არსებულა, ხოლო თანამედროვე სეკულარული თურქეთის რესპუბლიკა 1923 წლიდან არსებობს, როდესაც ქემალ ათათურქმა ბოლო სულთანი გადააყენა და სეკულარული რესპუბლიკა გამოაცხადა იმაზე გაცილებით მცირე ტერიტორიაზე, რასაც ოსმალეთის იმპერია იკავებდა.
თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა საკმაოდ გარკვევით აღნიშნა, რომ დიდგორის ბრძოლას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული თვითმყოფადობის და სახელმწიფოებრიობის გადარჩენაშიც და ახლიდან დაფუძნებაშიც. ზეიმი ამაზე უნდა იყოს ფოკუსირებული და არა ვიღაცის ან ვიღაცეების წინააღმდეგო. როგორც არასწორი აღნიშვნის მაგალითი, მან მოიყვანა ბერძნების მიერ აღნიშნული საკუთარი ზეიმი, სადაც ყველგან და ყველაფერში თურქი ერი და თურქთა ძველი სახელმწიფო დაუძინებელი მტრის ხატად იქნა წარმოჩენილი. ამ ყველაფრის კარგად ახსნა რომ შევძლოთ, თურქეთსა და საქართველოს ამ ბრძოლის აღნიშვნა ერთად შეუძლიათო, დასძინა ქალბატონმა იაზგანმა.
ბერძნების შემთხვევაში ოსმალეთისთვის გვერდის ავლა ნამდვილად გაჭირდება - მაშინაც, თუ დაუსრულებელი მტრობა და მტრის ხატების შექმნა მისასალმებელი არ არის, თუმცა დიდგორი სხვა შემთხვევაა. ასეთი აღნიშვნა დავითის დიადი სულის შესაბამისი იქნება - დიდგორის ბრძოლა უნდა აღინიშნოს როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მშვიდობის მოყვარე წარმომადგენლებთან, მთელს კაცობრიობასთან ერთად. არავინ, მათ შორის არც თურქეთის წარმომადგენლები არ უნდა იქნენ გამოტოვებულნი. დავით მეფეს შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა მუსლიმურ სახანოებთან და სამეფოებთან, არასოდეს შეურაცხყოფდა ტფილისის მუსლიმთა რელიგიურ გრძნობებს, საკმაოდ კარგად იცნობდა ისლამს და სუფი მისტიკოსი პოეტებისთვის სასტუმრო სახლები ჰქონდა აშენებული.
მემატიანე ამბობს, ეს იყოო "ძლევაი საკვირველი." წმინდა გიორგის თითქოს გაცოცხლებული ხატება მიუძღოდაო ქართულ მხედრობას; აქ მახსენდება თეთრი გენდალფი ცნობილ ევროპულ რომან-ტრილოგიაში და ამავე სცენარით გადაღებულ ფილმში. დასანანია, რომ არ გვაქვს ნამდვილი მხატვრული ფილმი არც დიდგორზე, არც დავითზე. ამ გამარჯვებას მოჰყვა ქართული რენესანსი, მოჰყვა 900 წელი ჩვენი ისტორიისა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა