„არ შეიძლება სახელმწიფო ორი ადამიანისა და მათი გარემოცვის ვნება იყოს“, - ასე ეხმიანება საქართველოში მედიაგარემოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა.
მირცხულავა მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია „კოჭლია“.
„რეზოლუცია? პირადად ჩემთვის კოჭლია, იმის მიუხედავად, რომ ზოგს ყიჟინა აქვს გამართული, ზოგი კიდევ "ამას არ ველოდით" პოზაშია... ორივე სამარცხვინო პოზაა მე თუ მკითხავთ.
ივანიშვილის თემით დავიწყოთ - ეს არის რეკომენდაცია სანქციებზე და არა სანქციები. მინდა ვთქვა, რომ ევროპული საბჭო ივანიშვილს სანქციებს არ დაუწესებს. ამის არგუმენტები უამრავია. სანქციების დაწესების მინიმალური ალბათობა ევროპულ საბჭოზე კი არა, თავად ივანიშვილზეა დამოკიდებული. (გამგები გაიგებს)“, - აცხადებს გოჩა მირცხულავა.
მისვე თქმით, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ მოხვდა მედიიის შესახებ მიღებულ რეზოლუციაში სააკაშვილი და ასევე სხვა საკითხები რომელიც პ[ირდაპირ შემხებლობაში არ არის თემასთან.
„რატომ მოხვდა სააკაშვილის ჰუმანიტარული მისიით გაყვანის შესაძლებლობა მედიის შესახებ რეზოლუციაში, ისევ როგორც სხვა საკითხები რომელსაც შემხებლობა არ აქვს მედიასთან? სააკაშვილის ნაწილში ეს გახლავთ სარეკომენდაციო ხასიათის, თუმცა ვფიქრობ, ამ ჩანაწერით სააკაშვილისთვის საქმე უფრო გაფუჭდა, ვიდრე გაკეთდა. "ოცნება" გააკეთებს ყველაფერს, მარსიდან ჩამოიყვანს ექიმებს და სააკაშვილს უკვე აღარ გაუშვებს ქვეყნიდან. სააკაშვილის გაყვანის რეკომენდაცია შესრულდება მხოლოდ ვაშინგტონის თხოვნის თუ მოთხოვნის შემდეგ და ეს უახლოეს დღეებში თუ ვადაში მოსალოდნელი არ არის. რატომ, ამის ახსნას არ დავიწყებ...
სხვა საკითხები ცალკეული დოზით იყო ასახული სხვადასხვა რეზოლუციაში და ამჯერად გაერთიანებული და თავმოყრილია ერთად, კონკრეტული კონტექსტის ჩარჩოში“, - აცხადებს გოჩა მირცხულავა.
მისი განმარტებით, რეზოლუციის ავტორებმა აბსოლუტურად არ გითვალისწინებს ქვეყნის საშინაო პოლიტიკური კონიუნქტურა და „კიდევ უფრო გააღრმავეს ისედაც ზღვარზე არსებული პოლარიზაცია არა თუ პოლიტიკურ ველზე, არამედ პასიონერულ ჯგუფებს შორის. რა შედეგის მომტანი იქნება ეს ქვეყნისთვის შიგნით, ამას ვნახავთ“.
მირცხულავა დარწმუნებულია, რომ ქვეყანა მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.
„დაბეჯითების ვამბობ - ეს რეზოლუცია არანაირ შემხებლობაში არ არის სტატუსთან და საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს. სხვა შემთხვევაში ევროკავშირის და ზოგადად ევროპის, მისი ინსტიტუტების სამართლიანობის პარადიგმა დაიმსხვრევა. გარისკავს ევროპა? ვნახოთ. თუმცა მე მჯერა რომ ვერ, მიუხედავად, იმისა, რომ რეზოლუცია ხელისუფლებას კი არა სახელმწიფოს ურტყამს მთლიანად და კონკრეტული პოლიტიკური კონიუქტურის მატარებელია“, - აცხადებს მირცხულავა,
იგი განმარტავს, თუ რატომ არის რეზოლუცია „კოჭლი“.
„რატომ დავარქვი რეზოლუციას კოჭლი? როდესაც საუბრობ მედიაზე და არ ინტერესდები მედიის (აბსოლუტურად ყველას ვგულისხმობ - ყველა ფლანგს) დაფინანსების წყაროთი, ფინანსების გამჭვირვალეობით, ამის შემდეგ, ვიმეორებ - პირადად ჩემთვის, ნებისმიერი დოკუმენტი - არასრულფასოვანია. ეს მომენტი მიუთითებს იმაზე, რომ ამ დოკუმენტზე მომუშავე პერსონებმა და კონსულტანტებმა ქართული მხრიდან, საერთოდ არ იციან მედიის პრობლემები და ჩვენ კიდევ დიდი ხანი მოგვიწევს პოლიტიკური დღის წესრიგისთვის თვალის დევნება შემდეგი თანმიმდევრობით: 1. ბიძინას ფული წაართვეს? 2. მიშა ჭამს და ...?
გასაკვირი ხომ არც არაფერია - ჩვენი ვნებები ფული (კეთილდღეობა), ჭამა - სმა და ტუალეტში ყოფნისას დაწერილი ლექსია“, - აცხადებს გოჩა მირცხულავა.
იგი განმარტავს, რომ ქვეყანაში შექმნილ ვიტარებაზე პასუხისმგებლობა ტანაბრად აკისრია, როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
„არ შეიძლება სახელმწიფო ორი ადამიანისა და მათი გარემოცვის ვნება იყოს, ამას ვიდრე არ გაიგებთ და ივანიშვილისგან ხსნად სააკაშვილი მიგაჩნიათ, ხოლო სააკაშვილისგან თავის დაცვად მხოლოდ ივანიშვილის ზეობა - სახელმწიფო არ იქნება. დიახ, მე მჯერა, რომ ევროპარლამენტზე მეტ პასუხისმგებლობას გამოიჩენენ სხვა სტრუქტურები, რომლებიც პარტიულ პოლიტიკურ კონიუქტურაზე მაღლა დადგებიან და გვექნება კანდიდატის სტატუსი.
თუ ეს არ მოხდა მაშინ ყველანი ივანიშვილი და სააკაშვილის გარემოცვა, მომხრეები ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე. ეს პასუხისმგებლობა უკვე გაკისრიათ როგორც რეზოლუციის თანაავტორებს, ასევე იმათ, ვინც შექმენით ის გარემო ქვეყანაში, რომელიც არსებობს.
ხალხი თქვენ არც არასოდეს გადარდებდათ - არც ქოცებს და არც ნაცებს. ხალხი თქვენთვის მუდამ ინსტრუმენტი იყო საკუთარი კეთილდღეობისთვის და ნურავის დაამადლით ნურც ასფალტს და ბათუმს თუ სიღნაღს და ნურც ასოცირების თუ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. ეს ყველაფერი საკუთარი სისხლით მოიპოვა ქართველმა ხალხმა - თაობებმა.
ბევრ კარგ თუ ცუდ საქმესთან ერთად ესეც უნდა ითქვას - ნაცები და ქოცები სიამის ტყუპები ხართ. ამას ადასტურებს ამ ქვეყნისთვის თქვენს მიერ მიყენებული ზიანი.
ივანიშვილისთვის სანქციების შესაძლო დაწესება ან სააკაშვილის ჰუმანიტარული გაყვანა კი არ უნდა გახარებდეთ ან გწყინდეთ, ეს ვითარება რომ შექმენით ყველამ ერთად, ამის გამო უნდა ურტყამდეთ თავს კედელს“, - ასე მიმართავს მირცხულავა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და მხარდამჭერებს.