ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს

ნახვები: 461 ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
 საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერ შპს „ბიტექსჩეინჯს“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესებისა და სხვა დარღვევებისთვის ჯამში 572 118 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა. ამასთან, ეროვნული ბანკის საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის, საქმიანობაში მონაწილეობიდან დროებით აცილების შესახებ.

ეროვნული ბანკის განმარტებით, ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას გამოძიების დასრულებამდე და საქმის გარემოებების დადგენამდე ჩამოშორდება. უწყება აცხადებს, რომ სრულად ემიჯნება მისი მხრიდან სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობას.

„ნანა ყეინიშვილი მოქმედებდა მარტო, რასაც ადასტურებს კომპანიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული აუდიოჩანაწერიც, სადაც ის თავად საუბრობს მისი გეგმებისა და მიზნების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული ბანკის მტკიცებით, ყეინიშვილი საბჭოს არააღმასრულებელი წევრი იყო და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობა მის საკურატორო მიმართულებას არ განეკუთვნებოდა. შესაბამისად, უწყების პოზიციით, მას ზედამხედველობით გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის უფლებამოსილება არ გააჩნდა.

რაც შეეხება „ბიტექსჩეინჯის“ დაჯარიმებას, ეროვნული ბანკის ცნობით, კომპანიის გეგმიური შემოწმება 2026 წლის თებერვალში ჩატარდა და ჯარიმა არ უკავშირდება კომპანიის წარმომადგენლების მიერ ნანა ყეინიშვილის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

დაკისრებული ჯარიმის უდიდესი ნაწილი — 572 033 000 ლარი — მომხმარებელთა იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების წესების დარღვევას უკავშირდება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომპანია თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით ოპერაციებს ახორციელებდა ისე, რომ მომხმარებელთა იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ხდებოდა.

შემოწმებისას გამოვლინდა სხვა დარღვევებიც. კერძოდ, ეროვნული ბანკის განცხადებით, ერთ-ერთ ხშირად გამოყენებულ ვირტუალური აქტივის მისამართთან დაკავშირებით საჯარო წყაროებში იძებნებოდა ინფორმაცია Telegram-ის არხის ან ჯგუფის მეშვეობით აკრძალული ნივთიერებების სავარაუდო რეალიზაციასთან შესაძლო კავშირის შესახებ. მსგავსი მახასიათებლების ტრანზაქციები სხვა მისამართებზეც ფიქსირდებოდა.

უწყების ცნობით, მნიშვნელოვანი ხარვეზები არსებობდა კომპანიის ელექტრონულ სისტემებში, მათ შორის სანქცირებული და პოლიტიკურად აქტიური პირების გადამოწმებისა და საეჭვო ტრანზაქციების გამოვლენის მიმართულებით.

ეროვნული ბანკის განცხადებით, კომპანიამ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ წარუდგინა ინფორმაცია ორი საეჭვო ოპერაციის შესახებ. ამასთან, შემოწმების პროცესში ეროვნულ ბანკს არასწორი და არასრული მონაცემები მიაწოდა.

გამოვლენილი დარღვევებისთვის კომპანიის ორ ადმინისტრატორს დამატებით თითოეულს 7 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წელს უწყებამ 51 საზედამხედველო სუბიექტი შეამოწმა, მათ შორის „ბიტექსჩეინჯი“. პარალელურად სხვა კომპანიების შემოწმებებიც მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების საფუძველი „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებები გახდა.

ამ ეტაპზე ყეინიშვილის მიმართ შესაძლო კანონდარღვევის ფაქტი სასამართლოს მიერ დადგენილი არ არის. ეროვნული ბანკის მიერ კომპანიის დარღვევებისა და ყეინიშვილის მოქმედებების შესახებ გავრცელებული შეფასებები უწყების ოფიციალურ პოზიციას წარმოადგენს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა