Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეში მეწყრის ვერსია გამოირიცხა

ნახვები: 804 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეში მეწყრის ვერსია გამოირიცხა

 

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედის, სოფო ბიბილაშვილის განცხადებით, სოფელ მლეთაში ჩატარებული ახალი სამძებრო სამუშაოების შედეგად გამოირიცხა, რომ მისი შვილი მეწყერმა მოიყოლა.

სოფო ბიბილაშვილის თქმით, ხუთდღიანი სამუშაოების ფარგლებში ტერიტორია სპეციალური ტექნიკითა და სკანერით შეამოწმეს, გამოიყენეს მძიმე ტექნიკაც და შემოწმდა ჭა. მისი განცხადებით, სამძებრო სამუშაოების შედეგად გურამ დადიანიძის მეწყერში მოყოლის ვერსია გამოირიცხა.

„ყველაფერი გააკეთეს, ყველგან გადაატარეს, სკანერიც, მძიმე ტექნიკაც შემოიყვანეს, ჭაც შემოწმდა, არაფერი ისეთი არ არის. ძალიან გახარებული ვარ. გამოირიცხა, რომ მეწყერში არ მოყოლია ბავშვი. იმედია, ცოცხალია და ვიპოვი.

ახლა, რაც ამათ გამიკეთეს, თავის დროზე არ გაკეთებულა და არც 12 წლის განმავლობაში გაუკეთებია არავის“, - განაცხადა სოფო ბიბილაშვილმა „ტვ პირველთან“.

გურამ დადიანიძე 17 წლის იყო, როდესაც 2014 წლის ივნისში, ლომისობის დღესასწაულზე, მეგობრებთან ერთად დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში იმყოფებოდა. ახალგაზრდა ლომისის ტაძრიდან დაბრუნებისას გაუჩინარდა და მას შემდეგ მისი კვალი არავის უპოვია. შემთხვევის პირველივე დღეებში სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და სამაშველო სამსახური ჩაერთნენ, თუმცა უშედეგოდ.

საქმის ადრეულ ეტაპზევე მოწმეების ჩვენებები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. 2014 წლის მასალებში ფიქსირდება, რომ გურამთან ერთად მყოფი ახალგაზრდები სხვადასხვა ადგილს ასახელებდნენ, სადაც ბოლოს ნახეს იგი — ნაწილი ამბობდა, რომ ის ქვემო მლეთის სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარდა, ნაწილი კი ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიუთითებდა.

ბოლო წლებში ოჯახმა საქმის არაერთი შესაძლო ვერსია დააყენა. ერთ-ერთი ვერსიით, გურამი შესაძლოა ხევში ჩავარდა, რის შემდეგაც ტერიტორიის რელიეფმა და მეწყრულმა პროცესებმა მისი კვალის აღმოჩენა გაართულა. თუმცა ოჯახში ასევე არსებობს ეჭვი, რომ ახალგაზრდა შესაძლოა ძალადობის მსხვერპლი გამხდარიყო და ხევში გადააგდეს. ეს ვერსია საჯაროდ გავრცელებულ მასალებში ოჯახის ვარაუდად რჩება და მისი დადასტურება არ მომხდარა.

საქმეში დამატებით კითხვებს აჩენს იმ ადამიანების ჩვენებების საკითხიც, რომლებიც გურამთან ერთად იმყოფებოდნენ. 2026 წლის ივნისში გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის განცხადებით, ერთ-ერთმა ყოფილმა მოწმემ მოგვიანებით აღიარა, რომ თავდაპირველ ჩვენებაში სიმართლე არ თქვა.

გურამ დადიანიძის დედა წლების განმავლობაში შვილის პოვნას და საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა. მისი თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმის გარკვევა, სად იმყოფება მისი შვილი, არამედ იმის დადგენაც, რა მოხდა იმ ღამეს მლეთაში.

„ძვლები მაინც დამამარხინეთ“, - ამბობდა სოფო ბიბილაშვილი, რომელიც 12 წლის განმავლობაში შვილის კვალის პოვნას უშედეგოდ ცდილობდა.

გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძეა ჩართული. ოჯახის მოთხოვნაა, გამოძიებამ ყველა შესაძლო ვერსია სრულყოფილად შეისწავლოს და დადგინდეს, რა ბედი ეწია 2014 წლის ივნისში მლეთაში გაუჩინარებულ 17 წლის ახალგაზრდას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა